„ბარსელონამ” რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით პირველად წააგო — შეხვედრის ერთადერთი გოლი მადრიდში, სტადიონ „კოლისეუმ ალფონსო პერესზე”, „ხეტაფეს” თავდამსხმელმა ხაიმე მატამ პენალტით გაიტანა.
ანგარიში ანგარიშად, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ის იყო, რომ „ბლაუგრანამ” მისთვის სასურველ თამაშის რიტმს ვერა და ვერ მიაღწია.
„ბარსელონას” შემადგენლობაში თვალშისაცემი იყო რამდენიმე ცვლილება. მაგალითად, პედრის მხარდამხარ, პირველად ითამაშა ოსმან დემბელემ, ხოლო დაცვის მარცხენა ფრთაზე დებიუტანტი სერჯინიო დესტი ვიხილეთ. ეს ერთგვარად ისტორიული მომენტიც იყო, რადგან „ბარსელონას” აქამდე აშშ-ს ნაკრების ფეხბურთელი არასდროს ჰყოლია.
თავდასხმაში კი კუმანმა ლეო მესისა და ანტუან გრიზმანის ნაცნობი წყვილი გამოიყვანა.
მატჩის პირველი საგოლე მომენტი მადრიდელებმა შექმნეს, როდესაც ნემანია მაქსიმოვიჩმა ნეტუს მარჯვნივ დაურტყა, შემდეგ კი „ბარსას” ჯერი დადგა — დესტმა ბურთი მესის მიაწოდა, ამ უკანასკნელმა კი ძელს გაარტყა.
გრძელდება გრიზმანის კატალონიური უიღბლობა — ფრანგმა ვერც ამ შეხვედრაში გაიტანა თავისი წილი გოლი. მას ჰქონდა შესაძლებლობა, როდესაც წინ მხოლოდ „ხეტაფეს” მეკარე სორია ეღობებოდა, მაგრამ უმისამართოდ დაარტყა.
ეს ორიოდ მომენტი კი ჩამოვთვალეთ, მაგრამ ზოგადად კუმანის გუნდისთვის შეხვედრის პირველი 45 წუთი კარგი არ იყო. გუნდმა ბურთი თავის გემოზე ვერ გააგორა, ხოლო დემბელე გამორჩევით ხშირად ცდებოდა.
„ბლაუგრანასთვის” უიღბლო გამოდგა მეორე ტაიმის დასაწყისიც, როდესაც ფრენკი დე იონგმა საჯარიმოში ტოგოელი დჟენე წააქცია და მატამ ის პენალტი გაიტანა, რომლის შესახებაც ზემოთ უკვე მოგახსენეთ.
ანგარიშში ჩამორჩენამ კუმანს შეტევის გაძლიერებისკენ უბიძგა — მოედანზე დემბელესა და პედრის ნაცვლად ანსუ ფატი და ფილიპე კოუტინიუ შეიყვანა, მაგრამ ამან სტუმრების თამაში ვერ გამოაცოცხლა, ვერ ააჩქარა. ერთი ხნის შემდეგ კატალონიელთა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა საქმეს ტრინკაუ და მარტინ ბრაიტვაითიც მიაშველა, თუმცა, აქეთ მიიღო სახიფათო კონტრშეტევა, როდესაც ნეტუ კოლუმბიელი კუჩო ერნანდესის დარტყმულს თითის წვერებით მიწვდა.
კუმანის მეხუთე ცვლილება, სერხი რობერტოს ნაცვლად ბოლოხანს გაუფასურებული რიკი პუიგის შეყვანა გახლდათ, თუმცა „ბარსამ” სასიკეთოს ვერაფერს მიაღწია — ბოლოს, ზემოთ ნახსენებმა დჟენემ თავით საკუთარ ძელს გაარტყა ბურთი და ეგ იყო. გადარჩა.
შემდეგ ტურში, „ბარსელონა” „რეალს” მასპინძლობს. და გეგონება მთავარ კონკურენტთან მოლაპარაკებული იყვნენო, „თეთრები” შინ 0:1 დამარცხდნენ „კადისთან”.