რიო ფერდინანდმა ოლე გუნარ სულშერს მოუწოდა, ჰარი მაგუაირი „ღუმელიდან გამოიღოს”. ეს გამოთქმა ქართულ ენას მთლად ვერ ერგება, მაგრამ აზრი გასაგებია. „მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი ჯერ კიდევ ზაფხულში, საბერძნეთში გაეხვა შარში, როდესაც ბარში იჩხუბა და საპატიმროში მოხვდა, ორიოდ დღის წინ კი ინგლისისა და დანიის შეხვედრის 32-ე წუთზევე მიიღო მეორე ყვითელიბარათი და თანაგუნდელები მოედანზე უმცირესობაში დატოვა, რის გამოც მათ შინ წააგეს 0:1.  ერთი სიტყვით, უკვე რამდენიმე თვეა მაგუაირი მას-მედიისა და სოცქსელების ყურადღების ცენტრშია; სულ აკრიტიკებენ.

„იუნაიტედის” 41 წლის ვარსკვლავმა, ფერდინანდმა თქვა: „ადვილი შესამჩნევია, რომ ის ცხოვრებაში რთულ პერიოდს გადის. არც ერთი ფეხბურთელი არ არის დაზღვეული ფორმისა და საკუთარი თავის რწმენის დაკარგვისგან. არადა, კარგად თამაშისთვის თავდაჯერებულობა აუცილებელია.

მაგუაირს სწორედ თავდაჯერებულობის პრობლემა აქვს, რაც შორიდანაც კარგად ჩანს. ასეთ დროს — და ასეთი პერიოდი მეც გამივლია — უნდა გამოჩნდეს ვინმე, ვინც ღუმელიდან გამოგიღებს”.

შემდეგ, BT-ს ელჩმა ფერდინანდმა, დასძინა: „ხანდახან, ღუმელიდან ერთი დღით გამოსვლაც საკმარისია. მთავარია, ეს დრო გეყოს იმისთვის, რომ ჩამოჯდე და დაფიქრდე, სად ხარ და შენს თავს რა ხდება. მაგრამ, როდესაც ყოველ მესამე-მეოთხე დღეს თამაშობ და ორომტრიალში ხარ, გარშემო აუცილებლად ნისლი გაკრავს, რომელშიც გზის გაკვლევა ძნელია.

თუმცა, პრობლემა ერთ შეხვედრაში არ გაქრება. თავიდან პირველი აგურის დადებაა საჭირო ანუ ჯერ ერთი უშეცდომო მატჩი უნდა ჩაატარო. ამ დღეს უნდა ითამაშო რაც შეიძლება მარტივად. ნაბიჯი მხოლოდ მაშინ უნდა გადადგა, როდესაც აუცილებელია. ისე კი არა, დანიასთან მაგუაირი რომ რისკავდა და რთულ, საჭოჭმანო გადაწყვეტილებებს იღებდა. და თუ პირველ თამაშს ასე, ფეხაკრეფით გაივლი, ეს უკვე ახალი ცხოვრების დასაწყისი იქნება.

თუმცა, „მანჩესტერ იუნაიტედის” პრობლემა მარტო მაგუაირი არ რის. აქ, საქმე უფრო რთულად არის და ხალხიც ამიტომ სვამს შეკითხვებს. თუმცა, მაგუაირი კაპიტანი, წინა პლანზე ჩანს და ფანები მისკენ იშვერენ თითს”.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” შინ 1:6 წააგო.