გულდასაწყვეტიაო, რომ ვთქვათ, არაფერი გამოვა ნათქვამი. ზედიზედ მეორე მატჩია, საქართველოს ნაკრები მოსაგებს ბოლო სამ წუთში ატანს ქარს.
შეიძლება მსაჯობაზე საუბარი, მაგრამ აქამდე არ უნდა მიიყვანო საქმე. მით უმეტეს, კაცნაკლულ მეტოქესთან.
ვლადიმირ ვაისმა მის კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ ისედაც ბევრ კითხვას გასული ერთი კვირის განმავლობაში ძახილის ნიშანი დაუსვა. სამი შეხვედრა. სამი მეტოქე. სამივე ანტიფეხბურთის კი არადა, საერთოდ ვერ მოთამაშე.
პარადოქსი ისაა, რომ უეფას ახალი ფორმატი ვაისს არამარტო ყოყოჩობის, ჯგუფში გაპირველების უფლებას აძლევს.
მოგებული თამაშის ბოლო წუთებზე დაცვაში ჩაჯდომა და პანიკური რეაქციები სწორედ ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის „დამსახურებაა“. მისი სტილია ბელარუსის, ჩრდილოეთ მაკედონიის და თუნდაც სომხეთის ლამის ევროგრანდებად შერაცხვა. როცა ბატინ ვლადიმირს პრესკონფერენციაზე ვკითხეთ, ამით ნაკრებში ფსიქოლოგიურ კლიმატს ხომ არ აფუჭებთო, სრულიად ფედერაციამ იწყინა – ეს მხოლოდ მეტოქის სათანადოდ დაფასებააო.
ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთი არ გაიშვას მაგაზე ჩრდილოეთით. ამაზრზენები იყვნენ მასპინძლები, მაგრამ ჩვენებმა რა – იფრინეს?
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი თუ არ დაგვიბინდავს ქომაგურ ბუნებას, ამ გუნდს ერთა ლიგის B დივიზიონში არაფერი ესაქმება.
არა, ფეხბურთელები საკმაოდ და საკმარისზე კარგი გვყავს. როცა გუნდზეა საუბარი, თავკაცი იგულისხმება, რომლის ექსპერიმენტების პროგნოზირება შეუძლებელია. საქართველოს ნაკრებმა ორ უნიათო მეტოქესთან 4 ქულა გაანიავა, მთავარი მწვრთნელი კი, სავარაუდოდ, ორ გასვლით შეხვედრაში ორი ქულით მოიწონებს თავს.
საბოლოო ჯამში, აზარტს რა ვუთხარი, თორემ B დივიზიონამდე ძალიან შორია.
ამ მატჩმა მხოლოდ ერთი გვიჩვენა: ჩრდილოეთ მაკედონია მეტისმეტად უმწეოა, რომ 12 ნოემბრის შედეგი ეჭვქვეშ დავაყენოთ. ბატინო ვაის, ვალდებული ხართ, ის უმთავრესი მატჩი მოიგოთ, თუმც ამით თქვენს მიმართ კითხვებს მისხალიც არ მოაკლდება.