ერთა ლიგის A4 ჯგუფის შეხვედრაში „ჩელსის” ფეხბურთელებმა ტიმო ვერნერმა და კაი ჰავერცმა თავიანთი წილი გოლები კი გაიტნეს, მაგრამ გერმანიას ორჯერ მოუხდა სტუმარ შვეიცარიასთან ანგარიშის გათანაბრება. თამაში 3:3 დამთავრდა. შედეგად, გერმანია ერთი ქულით ჩამორჩება ესპანეთს, რომელმაც უკრაინაში 0:1 წააგო.

„ბუნდესმანშაფტი” ასეთ დასაწყისს არ ელოდა. მე-5 წუთზე მარიო გავრანოვიჩმა გაუტანა თავური, 26-ზე კი რემო ფროილერმა ორამდე გაზარდა ანგარიში. განსაკუთრებით მწარე ის იყო, რომ მეორე გოლი ტონი კროოსის პასის ჩაჭრას მოჰყვა, არადა კროოსი ნაკრებში საიუბილეო მე-100 შეხვედრას ატარებდა და პატივისცემის ნიშნად, ამ უმაყურებლო მატჩის სანახავად ტრიბუნაზე მისი იჯახის წევრები შეუშვეს.

სხვათა შორის, კროოსის მეწყვილე-ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა ორმოცდამეათედ ითამაშა ეროვნულ გუნდში.

0:2-ის მიუხედავად გერმანელები არ გატყდნენ — ამ თვისებას მათ ვერ წაართმევ — და ტიმო ვერნერმა ორ წუთში ჭკვიანური დარტყმით შეამცირა სხვაობა. ტაიმის ბოლოსკენ იან სომერმა რობინ გოსენსის სახიფათო დარტყმა მოიგერია. შესვენებამდე გოლი აღარ გასულა.

მეორე ტაიმის მე-10 წუთზე კი ანგარიში ჰავერცმა გაათანაბრა. უნდა აღინიშნოს, რომ წინა ტურში უკრაინასთან თამაშსისგან განსხვავებით გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი ოთხკაციან დაცვას დაუბრუნდა, მაგრამ ამით კარი ვერ დაიცვა — 57-ე წუთზე მანუელ ნოიერმა ორჯერ მოიგერია ჰარის სეფეროვიჩის დარტყმული, გავრანოვიჩის დამატებულს კი ვეღარაფერი მოუხერხა. მასპინძლებმა მესამე გოლი გაუშვეს.

სამ წუთში სერჟ გნაბრიმ ქუსლურით კიდევ გაქვითა ანგარიში. საბოლოოდ შეხვედრა ასეც დასრულდა, მაგრამ თუკი საფინალო სასტვენისთვის გუნდებს გოლები თანაბრად ჰქონდათ გატანილი, ფეხბურთელები აღარ ჰყავდათ მოედანზე თანაბარი რაოდენობით — მსაჯის წამატებულ წუთებში შვეიცარიელმა ფაბიან შერმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.