ესპანეთი უკრაინაში 0:1 დამარცხდა. ეს იყო იბერიელთა პირველი წაგება ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. შეხვედრის ერთადერთი გოლი 22 წლის კიევის დინამოელმა ვიქტორ ციგანკოვმა გაიტანა. ნახევარმცველმა 76-ე წუთზე შეაგდო. თამაში ორი სიტყვით შეიძლება ასე შეფასდეს: ლუის ენრიკეს გუნდი იმიტომ დაისაჯა, რომ მის ხელთ არსებული უპირატესობა ვერ გამოიყენა, გოლი ვერ შეაგდო.
ეს გახლდათ ერთა ლიგის A4 ჯგუფის თამაში. წაგების მიუხედავად ესპანეთმა პირველი ადგილი შეინარჩუნა, თუმცა, მოგების შემთხვევაში შეეძლო გერმანიისთვის 4 ქულით გაესწრო. გერმანელებმა შვეიცარიასთან 3:3 ითამაშეს. სადღეისოდ, ცხრილში მესამე ადგილზე უკრაინაა, მეოთხეზე — შვეიცარია.
უკრაინელებთან ლუის ენრიკემ ექსპერიმენტი ჩაატარა — თავიდანვე ერთად ათამაშა ადამა ტრაორე და ანსუ ფატი. როდრიგო მორენო კი შეტევებში უფრო ნახევარდაცვიდან ერთვებოდა.
ადამა თავიდანვე აქტიური იყო, მაგრამ გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ბურთის ფლობაში, რომელსაც ესპანელები უდიდეს მნიშვნენლობას ანიჭებენ, „ლა როხას” პირველ ტაიმშივე შთამბეჭდავი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ბურთის ფლობის პროცენტი ერთია და გოლები — მეორე.
იგივე სურათი გაგრძელდა მეორე ტაიმშიც და ესპანეთმა კვლავ ვერ შეაგდო. არადა, თითქოს წკიპზე იყო. გოლების გატანა შეეძლოთ შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებს, ფერან ტორესს და მიკელ ოიარსაბალს, თუმცა თამაში მაინც ანდრეი შევჩენკოს გუნდმა მოიგო.