14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებს უეფას ერთა C ლიგის მეორე ჯგუფის მე-4 ტურის მატჩი ელის სკოპიეში, „ტოშე პროესკი“ არენაზე, ჩრდილო მაკედონიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. ეს ტოშე ცნობილი მომღერალი ყოფილა და 2007 წელს გარდაცვლილა ავტოკატასტროფაში. ასე ვთქვათ, მაკედონიის ჯონ ლენონია. ეს ფეხბურთთან რა შუაში იყო, მაგრამ მაინც.

მატჩი კი მართლაც ერთობ მნიშვნელოვანია. ერთმანეთს ჯგუფის ორი ფავორიტი ხვდება.  პირველადგილოსანი გაისად B ლიგაში აღზევდება. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ესაა D ლიგის ფინალის გენერალური რეპეტიცია. 12 ნოემბერს მაკედონიელები თბილისში ჩამოვლენ. ეს ორივე გუნდისთვის ფინალთა ფინალი იქნება, გამარჯვებული ხომ ევრო 2000-ის ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს.

მაკედონია უკვე ვნახეთ თბილისში (1:1). მეტნაკლებად გავიცანით. დაახლოებით ჩვენი დონის გუნდია. კერკეტია და იოლად არაფერს დათმობს. ვიგებდით და ახალწვეულის შეცდომის კვალად გავუშვით საპასუხო გოლი. მეტი მომენტი აღარც ჰქონიათ. დავრწმუნდით, რომ მათთან მოგება რეალურია. თუმცა ორი უმძიმესი მატჩი გველის. ვინც კოსოვოსთან მათ ნახევარფინალურ შეხვედრას უცქირა, დამეთანხმება.

ახლა მთავარია, კონკრეტულ საღამოს, კონკრეტული გუნდი როგორი განწყობითა და მოტივაციით გავა მინდორზე. ძალიან საინტერესო იქნება. ამ თაობას წილად ხვდა შანსი, საკუთარი სახელები ისტორიაში ჩაწერონ.

ჩვენები ორშაბათს ჩაფრინდნენ სკოპიეში კატოვიცედან ჩარტერული რეისით. ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელიც მომდევნო შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს, გუნდთან ერთადაა და საწვრთნელ პროცესში მონაწილეობს. მატჩისთვის კი „ჯვაროსნები“ 23-კაციანი შემადგენლობით ემზადებიან.

მაკედონელებს, ჩვენი არ იყოს, პრობლემები მიეძალათ. ვერც წინა ტურში ითამაშეს ოპტიმალური შემადგენლობით ესტონეთთან (3:3). ახლა კი მდგომარეობა უფრო დაუმძიმდათ.

მაკედონელთა ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური გვამცნობს, რომ მთავარ მწვთნელს, 44 წლის იგორ ანგელოვსკის, გუნდში ტრავმირებული ფეხბურთელები მოუმრავლდა, ამიტომ რამდენიმე ახალი მოთამაშის გამოძახება მოუწია.

ყველა მათგანი მაკედონიის ჩემპიონატში თამაშობს. ლეგიონერების მიწვევა კორონავირუსის პანდემიის მიზეზით გართულებული მიმოსვლის გამო ვერ მოხერხდა.

გუნდს „შკენდიას“ მოთამაშეები ლუპჩო დორიევი და ენურ ტორტე, ასევე „ვარდარის“ წევრი დარკო მიცევსკი და „გპ მაკედონიას“ ფეხბურთელი ტომე კიტანოვსკი შეუერთდნენ.

21-წლამდე ნაკრებიდან დააწინაურეს აგრონ რუფატი, რომელიც ისრაელთან მატჩში ასაკობრივ ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო მაინც ვერ დაეხმარებოდა. გამოირიცხა ლარნაკას აეკ-ის ცენტრალური მცველის, სტეფან სპიროვსკის თამაშიც.

ნაკრების ბანაკი ტრავმების გამო დატოვეს და შესაბამისად, საქართველოსთან ვერ ითამაშებენ დავიდ ტოშევსკი, არიან ადემი, ეგზონ ბეიტულაი.

„ლევანტეს“ ნახევარმცველი, ენის ბარდი დისკვალიფიცირებულია. გარდა ამისა, გამორიცხულია ფეჰრან ჰასანის თამაშიც.

ეს გვარები ბევრს არაფერს გვეუბნება. ამიტომ, ძალიან რომ არ გადაგღალოთ, ვნახოთ, რა თქვა ანგელოვსკიმ პრესკონფერებციაზე, სადაც მაკედონიური ფეხბურთის ლეგენდასთან, გორან პანდევთან ერთად გამოცხადდა.

„გუნდში ატმოსფერო შესანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთში საწადელს ვერ მივაღწიეთ. მთავარია, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში გავედით. საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზეთ და ვემზადებით, მომდევნო მატჩისთვის და არა იმისთვის, რაც ერთ თვეში იქნება. მოედანზე გამარჯვებისთვის გავალთ, რადგან ეს ჯგუფში პირველ ადგილზე დაგვტოვებს.

ქართველებს შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, მაგრამ ჩვენთანაც ასეა. მიუხედავად ამისა, ვეცდებით მოედანზე მაქსიმუმი ვაჩვენოთ. გვინდა ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ. თუმცა, საქართველოსაც იგივე მიზანი აქვს და არ ველი, რომ რაიმეს დაგვითმობს ან შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებს.“

პანდევმა კი დაამატა: „რა თქმა უნდა, ვინც აქ ვართ, მაქსიმალურად დავიხარჯებით. ეს უკვე მესამე მატჩია და ვიცით, რაოდენი ენერგია დაგვჭირდა კოსოვოსთან, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. ამის მიუხედავად, მზად ვართ ხვალ მოედანზე გასასვლელად და გასამარჯვებლად. ყველა ფეხბურთელი, ვინც გუნდშია, სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძვის.

საქართველოს ნაკრები ჩვენი დაბრკოლება არა მხოლოდ ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში, არამედ ერთა ლიგაშიცაა. ის ჩვენი მთავარი კონკურენტია პირველი ადგილისთვის ბრძოლაში. ყველა მატჩში 100%-ით ვიხარჯებით, მაგრამ მოწინააღმდეგეც სერიოზული გვყავს, ვფიქრობ, ხვალ თუ გავიმარჯვებთ, ჯგუფში პირველ ადგილზე გავალთ.“

აი, ასეთია მასპინძელი მაკედონიელების განწყობა. თუმცა, განსხვავებულს რამეს ველოდით? მთავარია, სომხებთან დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ და ეგებ სამი ქულაც წამოვიღოთ, რაც ფინალთა ფინალის წინ უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობა იქნება ბალკანელებთან.