18 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი რაინერ ჟესუს კარვალიუ წლეულს „რეალმა” იჯარის წესით „დორტმუნდში” გაუშვა. იჯარის ვადა 2022 წლის 30 ივნისამდეა. ვერ მოგახსენებთ, რამდენად სწორად ვწერთ ყმაწვილი ნახევარმცველის სახელს. გერმანიაში მას უეჭველად რაინერს ეძახიან, აი, მშობლიურ ბრაზილიაში კი შეიძლება რეინერია, მაგრამ არაუშავს, თუ ყურადღებას მიიპყრობს, ამის გარკვევითაც დაინტერესდებიან. წესით, მოთამაშე, რომელიც „ფლამენგოში” იყო, მერე „რეალმა” იყიდა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად „ბორუსიაში” გაუშვა, იმედისმომცემი უნდა იყოს. ჯერჯერობით კი საინტერესოა, როგორ შეეგუა ის ახალ გუნდს.

Ruhr Nachrichten-თვის მიცემულ ინტერვიუში რაინერმა თქვა, რომ „დორტმუნდი” მისი შეძენით ჯერ კიდევ „ფლამენგოს” დროს იყო დაინტერესებული.

„ამ ამბავმა მაშინ ძალიან გამახარა, რადგან „დორტმუნდი” ჩვენთან, ბრაზილიაში პოპულარული კლუბია. ის ბევრს უყვარს”, — თქვა ფეხბურთელმა, რომელმაც ამის მიუხედავად მაინც უარი თქვა ბუნდესლიგის მეორე გუნდში თამაშზე. მიზეზი: მისი ყიდვა „რეალს” მოუნდა.

თუმცა, რაინერი „დორტმუნდს” მაინც ვერ აცდა. მან მაინც ამოჰყო თავი ვესტფალენშტადიონზე, რომელსაც სპონსორის ხათრით დროებით „სიგნალ იდუნა პარკს” უწოდებენ.

„როდესაც დორტმუნდელებმა კიდევ ერთხელ მომმართეს წინადადებით, ბევრი აღარ მიფიქრია. ეს კლუბი ჩემთვის შანსია. აქ დიდი პროექტია და ეჭვი არ მეპარება, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი.

„დორტმუნდს” ფეხბურთელების განვითარების მიზნით ბრაზილიაში დიდი კავშირები აქვს გაბმული. მას იცნობენ როგორც კლუბს, რომელიც მომავალ თაობას აძლევს შანსს და გულშემატკივრები დორტმუნდელთა თამაშებს დიდი ინტერესით აკვირდებიან. მათ აინტერესებთ, როგორ იზრდებიან ბრაზილიელი ბიჭები”.

„რეალიდან” „დორტმუნდში” გადასვლის შემდეგ რაინერმა ორჯერ მოასწრო მოედანზე შესვლა. ასე ვთქვათ, ბუნდესლიგის ჰაერის ჩაყლაპვა. მან თქვა:

„რასაკვირველია, დორტმუნდი არც რიოა და არც მადრიდი, ის მუშათა ქალაქია, მაგრამ ძალიან მაწყობს. როდესაც ჩემი გადმოსვლის ამბავი გაიგო, მარსიო ამოროსო („დორტმუნდში” თამაშობდა 2001-2004 წლებში) დამიკავშირდა. ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ აქაურობის შესახებ. შევხვდი დედესაც („დორტმუნდში” თამაშობდა 1998-2011 წლებში). ჩვენ ქუჩაში გავისეირნეთ და იქ ის მამაჩემსაც შეხვდა. ახლა უკვე რეგულარულად ვუკავშირდებით ერთმანეთს. ის მიხსნის დორტმუნდში როგორ უნდა ვიცხოვრო და ვითამაშო”.