„ბარსელონას” მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჰოლანდიურ NOS-თან საუბარში გააანალიზა კატალონიის დედაქალაქში გატარებული პირველი პერიოდი და, რასაკვირველია, ლეო მესისა და ლუის სუარესის სატრანსფერო თავგადასავლებზეც ილაპარაკა.

„როდესაც „ბარსელონასთან” კონტრაქტს მოვაწერე ხელი, პირველი რაც გავაკეთე მესისთან შინ სტუმრობა იყო. ის კლუბით აშკარად უკმაყოფილო დამხვდა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენმა საუბარმა შედეგი გამოიღო. მან მითხრა „კარგი, მე გავაკეთებ რაც საჭიროა” და მას მერე ყველაფერი ისე აეწყო, როგორც მისგან ელოდა ხალხი”.

„ბარსელონაში” კუმანს კიდევ ერთი პრობლემა დახვდა — კლუბს ლუის სუარესის გაშვება უნდოდა.

„მე სუარესს გულწრფელად ვუთხარი, რომ ძირითადში თამაშის შესაძლებლობა ხშირად არ მიეცემოდა. მისთვის ეს ძნელი მოსასმენი გახლდათ, მაგრამ მე მასთან პრობლემა არასდროს მქონია. ის ვარჯიშებზე დადიოდა და ინდომებდა.

ვიმეორებ, ლუისთან პრობლემა არ მაქვს, მაგრამ კლუბს მიაჩნდა, რომ გუნდი უნდა გამეახალგაზრდავებინა. თუ დღევანდელ გუნდს გადახედავთ, ასეც მოხდა: ანსუ ფატი 17 წლისაა და ძირითადში თამაშობს, აგრეთვე გვყავს 17 წლის პედრი, 21 წლის რონალს არაუხო და 20 წლის ტრინკაო, რომელთაც 19 წლის სერჟინიო დესტი დავამატეთ. ისინი მომავლის ფეხბურთელები არიან”.