საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები, რომლებიც თბილისში, „შევარდენის“ ბაზაზე 21 სექტემბრიდან თვითიზოლაციაში ვარჯიშობდნენ, 11 ოქტომბერს 10-დღიან შეკრებაზე საფრანგეთში გაემგზავრნენ.

„მსოფლიო რაგბის“ მე-9 რეგულაციის თანახმად, მანდელიოში ნაკრებს სამი დღით (ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით) ლეგიონერები შეუერთდებიან. ხუთშაბათს მათი ნაწილი კლუბებს დაუბრუნდება და ნაკრების შეკრებაზე ორშაბათს გამოცხადდება. გუნდი შოტლანდიაში 21 ოქტომბერს მიემგზავრება, სადაც 23-ში ედინბურგის „მარიფილდზე“ „ნარშავებს“ დაუპირისპირდება.

EXCLUSIVE | ლევან მაისაშვილი: ასეთი შეცდომები ნებისმიერ მეტოქესთან  მიუღებელია - popsportწინასწარ გამოცხადებულ გაფართოებულ შემადგენლობაში ცვლილებებია. კითხვის ნიშნის ქვეშაა შოტლანდიასთან და რუსეთთან ბექა გიგაშვილისა და ლევან ჩილაჩავას თამაში. მათი ბედი მომავალ კვირაში გაირკვევა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს დავით გიგაურს და სავარაუდოდ, პირველ ორ თამაშს ისიც გამოტოვებს. შოტლანდიასთან და რუსეთთან მატჩისთვის არ მოემზადებიან მიხეილ ალანია და კოტე მიქაუტაძე. ამ ეტაპზე ისინი კლუბებში დარჩებიან.

„მიხეილ ალანიას კლუბში სათამაშო პრაქტიკა ექნება და გადავწყვიტეთ, „რვა ერამდე“ „ორიაკისთვის“ დაგვეთმო. კლუბი იშოვა და იქ გაივლის რეაბილიტაციას კოტე მიქაუტაძე. ისინი „შემოდგომის ერთა თასისთვის“ შემადგენლობაში მოიაზრებიან“, – განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რომელმაც გაფართოებულ შემადგენლობაში ორ დებიუტანტს, „უმცროს ბორჯღალოსნებს“ უხმო – „ლელო-სარასენსის“ 9 ნომერ გიორგი მარგალიტაძეს და „ბიარიცის“ ბურჯ ლუკა აზარიაშვილს.

„მარგალიტაძე მაისიდან ჩვენთან ვარჯიშობდა და კარგ ფიზიკურ და ტექნიკურ კონდიციაშია. მისი თამაშები 20-წლამდელთა ნაკრებიდან გვახსოვს და რადგან ალანიას გაფართოებულ შემადგენლობაში აღარ ვეძახდით, არჩევანი მარგალიტაძეზე შევაჩერე.

არჩევანის საშუალება გვქონდა პირველ ხაზში და საბოლოოდ აზარიაშვილზე შევჯერდით. მას ყაულაშვილისა და გიგაშვილის მსგავსად, ორივე პოზიციაზე შეუძლია თამაში, დისციპლინირებულია, კარგია როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, ბურთის ამოღებაშიც ძლიერია და „ბიარიცში“ სათამაშო დროც აქვს. მას საფრანგეთში შეკრებაზე დავაკვირდებით. ვინ წავა შოტლანდიაში, ეს სწორედ საფრანგეთში გადაწყდება“, – დასძინა მაისაშვილმა.