ერთა ლიგის A4 ჯგუფში წუხელ უხეში შეცდომების დღე იყო. მეტოქის დოყლაპიობის წყალობით გაიტანა შეხვედრის ერთადერთი გოლი ესპანეთმა შვეიცარიის კარში და ასევე მეკარის უხეში შეცდომა (იხ. ვიდეო) დაეხმარა გერმანიას უკრაინელთა კარში მეორე გოლის გატანაში — 2:1.

გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ამ დღეს უცნაური შემადგენლობა შეარჩია — ნამდვილი თავდამსხმელი არ ჰყავდა. როგორც „შპორტბილდი” წერს, თავის წილ თავდამსხმელობას ცდილობდნენ სერჟ გნაბრი, იულიან დრაქსლერი და ლეონ გორეცკაც კი, ტიმო ვერნერი კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

თავიდან გერმანია შეტევაში ვერ აქტიურობდა, მაგრამ ვინაიდან მასპინძელი უკრაინაც უკბილო იყო, პირველი 20 წუთი მტკნარი გამოდგა. შემდეგ კი, ბედის ირონიით, შეტევაში სტუმართა მცველებმა იაქტიურეს და მათიას გინტერმა ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმამდე ბევრი არაფერი მომხდარა. გერმანული პრესა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კიევის სტადიონზე თამაშს 17 573 მაყურებელი ესწრებოდა და უკმაყოფილოა, რომ გერმანიაში ასეთ ბედნიერებას კორონაპანდემიის დაწყების შემდეგ არ ღირსებიან.

მეორე ტაიმის დასაწყისი კი იმით იყო საყურადღებო, რომ უკრაინელთა გოლკიპერმა გეორგი ბუშჩანმა ზემოთ ნახსენები უხეში შეცდომა დაუშვა და გერმანელებს მეორე გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა.

თამაშის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე ნიკლას ზულემ საჯარიმოში რომან ერემჩუკი წააქცია და რუსლან მალინოვსკიმ პენალტით შეამცირა სხვაობა.

ეს გახლდათ ერთა ლიგაში იოაჰიმ ლიოვის გუნდის პირველი გამარჯვება! ამისათვის გერმანიას შვიდი თამაში დასჭირდა. პირველ გათამაშებაში გერმანელებმა ჰოლანდიელებთან და ფრანგებთან ოთხი შეხვედრიდან ერთიც ვერ მოიგეს, ახლანდელ გათამაშებაში კი ესპანეთთან და შვეიცარიასთან ითამაშეს ფრედ.