მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევში ურუგვაიმ ჩილეს 2:1 მოუგო. ამ შეხვედრაში ლუის სუარესმა პენალტი შეაგდო, მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და გაიხსენა სექტემბერში, „ბარსელონადან” „ატლეტიკოში” გადასვლის ამბავი, რაც მისთვის იმდენად ემოციური იყო, რომ საჯაროდ ცრემლიც კი წამოუვიდა.

— „ბარსელონაში” ექვსი წელიწადი გავატარე და დარწმუნებული ვარ, ჩემთან ცვლილებების შესახებ დალაპარაკება სხვა გზითაც შეიძლებოდა. ისინი (კლუბის ხელმძღვანელები) ცუდად მომექცნენ. ამან ლიონელ მესიც გააღიზიანა. ლეომ კარგად იცის რაც გადავიტანეთ და როგორ გვიჭირდა იმ მომენტში.

მესიმ საჯაროდ დამიჭირა მხარი, რაც არ გამკვირვებია. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. კარგად ვიცი, როგორ სტკიოდა გული. ყველაზე გულდასაწყვეტი ის იყო, თუ როგორ გააკეთეს ეს ყველაფერი”.

სუარესმა აღიარა, რომ კვირა, როდესაც მან „ბარსელონა” დატოვა და „ატლეტიკოში” გადავიდა განსაკუთრებით მძიმე იყო.

„ის დღეები, ხუთშაბათიდან კვირამდე, სანამ „ატლეტიკოს” შემადგენლობაში დებიუტი მექნებოდა, ძალიან რთული იყო. ვტიროდი ყველაფრის გამო, რაც იმ პერიოდში ჩემს თავს ხდებოდა. ვიმეორებ, ყველაზე ცუდად ის მივიღე, თუ როგორ შემატყობინა კლუბმა ჩემი გაშვების ამბავი. როდესაც ცხოვრების რაღაც ეტაპი მთავრდება, ეს წესიერად უნდა მოხდეს. ისე უნდა მოხდეს, რომ მიიღო, შეეგუო”.

სუარესმა დიდი გულისტკივილით გაიხსენა ისიც, რომ ბარსელონელები მას თანაგუნდელებისგან ცალკე ავარჯიშებდნენ.

„როგორი გადასატანია, როდესაც ვარჯიშზე, თერთმეტი თერთმეტის წინააღმდეგ თამაშში არ გრთავენ. გეუბნებიან, რომ ცალკე უნდა გახვიდე და შენთვის დაკავდე…” — დააგვირგვინა სუარესმა.