ინგლისი – უელსი 3:0

ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი უკვე იმას შიშობს, რომ ევრო 2020 კორონავირუსის გამო აღარასოდეს ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ მარტში, როდესაც ახალი დაავადება პანდემიად გამოცხადდა, უეფამ კონტინენტის პირველობა ერთი წლით გადადო, ახლა კი მსოფლიოს covid 19-ის პირველი ტალღის მეორე ეტაპი, მეორე ტალღის პირველი ეტაპი თუ რაღაც ამდაგვარი უტევს — ტერმინს ფეხბურთისთვის, რასაკვირველია, მნიშვნელობა არ აქვს.

თუ რამე არ შეიცვლება, ფინალი 2021 წლის 11 ივლისს ლონდონში, „უემბლიზეა” დანიშნული.

„დაბეჯითებით ვერავინ ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატი გაისად აუცილებლად ჩატარდება. ვფიქრობ, იმას, რა შეიძლება და რა არა, უახლოესი ორი-სამი თვის განმავლობაში კიდევ ბევრჯერ გვეტყვიან სხვადასხვანაირად. გულწრფელად არ ვიცით რა მოხდება. ისღა დაგვრჩენია, იმედით ვიცოცხლოთ. ამბობენ, რომ გაზაფხულისთვის მოვლენებმა შეიძლება ნათელი ფერები შეიძინოს და ნეტავ იმ ხალხის სიტყვები გამართლდეს, ვინც ასე წინასწარმეტყველებს.

ცხადია, ვერც იმას იტყვის ვინმე, საბოლოოდ რანაირი იქნება ევროპის ჩემპიონატის ფორმატი”.

როგორც ცნობილია, თავდაპირველი გეგმის მიხედვით შეჯიბრებისთვის მთელს კონტინენტზე განფენილ 13 ქალაქს უნდა ემასპინძლა, მაგრამ ეს პროექტი დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კორონავირუსი ხომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნებს უტევს და კარანტინი ხან ერთგან ცხადდება, ხან მეორეგან. ამიტომაც გაჩნდა მოსაზრება, რომ იმ შემთხვევაში თუ პანდემია საფეხბურთო ევროპას გასაქანს არ მისცემს, ჩემპიონატი ტრადიციულად, ერთ ან ორ ქვეყანაში ჩატარდეს.

საუთგეიტი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ინგლისი მზად არის იკისროს პასუხისმგებლობა და ევროპის ჩემპიონატს მთლიანად უმასპინძლოს.

„ჩვენ აშკარად შეგვწევს იმის ძალა, რომ მთელ ტურნირს ვუმასპინძლოთ. ინგლისში ხომ ისედაც ბევრი თამაში უნდა გამართულიყო. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ბევრი არაფერი შეიცვლება. მოკლედ, ვინაიდან ჯერჯერობით რაიმეს წინასწარმეტყველება შეუძლებელია, ჩვენ, ინგლისელები მზად უნდა ვიყოთ”, — თქვა საუთგეიტმა, რომლის გუნდმაც 8 ოქტომბერს უელსს ამხანაგურ მატჩში 3:0 მოუგო.

არ არის გამორიცხული, რომ ევროპის ჩემპიონატის ერთ ქვეყანაში ჩატარების მოსაზრება თავად ინგლისელების შეგდებულია, შეჯიბრებას მთლიანად რომ დაეპატრონონ და ხეირი ნახონ. რასაკვირველია, მათ ზურგს მზა ინფრასტრუქტურაც უმაგრებს.