ბევრი ჩემი კოლეგის თუ უბრალოდ ქართული ფეხბურთის ქომაგის მოსაზრება წავიკითხე. ბუნებრივია, ბელარუსთან მოგება ყველას უხარია, მაგრამ საყვედურიც ბევრი იყო – თამაშის ხარისხი არ გვივარგოდაო. კარგით, რაა…
მივიგეთ!
თავად ეს ვიკმარე და თანახმა ვარ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 90-წუთიანი უსახური თამაშით გავიმარჯვოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენს ბიჭებს, მათ შორის სულ ყმაწვილებსაც, ქართული ფეხბურთის რამდენიმე თაობის წინაშე ვალი დააწვათ ტვირთად – მათი ოცნებაც ამათ უნდა აახდინონ.
თქვენ კიდევ ესთეტიკაო. გახსოვთ საქართველოს ნაკრების პირველი ოფიციალური მატჩი? ამაზრზენი იყო მოლდოვის ნაკრები, მაგრამ ისტორიამ ის როდი შემოგვინახა, რომ ბურთი მათ კარში ჯიუტად არ შევიდა.
მოლდოვამ მოიგო და ბასტა!
გახსოვთ კამერუნის მოგება არგენტინასთან?
სენეგალის მოგება საფრანგეთთან?
ბუნებრივია, შედეგი გახსოვთ და არა დეტალები ან სტატისტიკა.
ახლა მოგება მინდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან და თუ უნდა, ვლადიმირ ვაისმა 10 მცველით ითამაშოს.
გუშინ საქართველოში მზიანი ღამე იყო. ერთი მზიანი ღამეც გვინდა. ლამაზი და უკომპლექსო თამაში კი მერე, ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე ფსიქოლოგიური ტვირთისგან თავისუფალ ბიჭებს მოვთხოვოთ.