მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას 26 წელიაწადია ველით. აქამდე ყველაზე წარმატებული „მცდელობა“ ჯგუფში მე-3 ადგილი იყო – ეს ორჯერ მოხდა, თუმცა რეალური შანსი არც მაშინ გვქონდა.
ახლა კი… ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან საქართველო არასდროს ყოფილა. საამისოდ, 8 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“ ბელარუსის ნაკრები უნდა დავამარცხოთ, ხოლო 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის უმჯობესსაც უნდა ვძლიოთ. რთული ამოცანა არ არის. მეტიც, თუ საერთოდ საქართველოს ნაკრები პრეტენზიას აცხადებს, ამაზე უნიკალურ შანსს კიდევ როდის მიიღებს, ღმერთმა იცის.
ეს შანსი კი უეფამ მოგვცა – ევროპის მთავარმა საფეხბურთო ორგანომ ახალი ტურნირი, ერთა ლიგა ჩამოაყალიბა და მეტი ხიბლი რომ მიეცა, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურებით „დატვირთა“.
სუფთა ფურცელზე წერას კი, ბელარუსით ვიწყებთ, რომელიც ერთობ უხერხული მეტოქეა. ჩვენს მომავალ მოწინააღმდეგესთან აქამდე სამჯერ გვითამაშია. ერთად მოვხვდით 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში. თბილისში თორნიკე ოქრიაშვილის გოლით 1:0 ვიმარჯვეთ, მინსკში კი, ბელარუსებმა რევანში აიღეს – რენან ბრესანისა და სტანისლავ დრაგუნის გოლებით 2:0 მოგვიგეს. კიდევ ერთი მატჩი ამხანაგური იყო – 2017 წლის ნოემბერში ქუთაისში, ფრედ, 2:2 დასრულდა. ჩვენგან გოლები ირაკლი სიხარულიძემ და ლაშა დვალმა გაიტანეს, ხოლო ბელარუსთაგან იგორ სტასევიჩმა და პაველ ნიხაიჩუკმა.
დანარჩენი ხვალ, მოედანზე… იქამდე კი საქართველოს ნაკრების სლოვაკი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია იყო…
… კაშია და ყაზაიშვილი ნაკრებში არიან და კარგად ემზადებიან. რაც შეეხება მარცხენა მცველის პოზიციას, დღეს რამდენიმე მოთამაშე გვყავს, რომლებსაც ამ ადგილას შეუძლიათ თამაში. სასტარტოში ვინ დაიწყებს ამას ხვალ ვნახავთ. სამწუხაროდ ხვალ ჩაკვეტაძის გარეშე ვითამაშებთ. იგი ბელგიიდან ტრავმირებული დაბრუნდა. რამდენიმე დღე დაისვენებს და შესაძლოა შემდეგ თამაშებში დაგვიბრუნდეს.
… ლორიას ირგვლივ აგორებულ ამბებს რაც შეეხება, დაუჯერებელია ის რაც მედიაში დაიწერა. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩვენ მას ვენდობით და მჯერა მისი. ბალახი იდეალურ მდგომარეობაში არ იყო, თუმცა ხვალისთვის ყველაფერი მზად იქნება. მთელი საქართველოს მხარდაჭერას ვგრძნობთ. ამ თამაშის შემდეგ ერთი გუნდი იქნება გახარებული და ეს საქართველო იქნება.
… ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ კარგი სათამაშო პრაქტიკით დაბრუნდნენ კლუბებიდან, გამონაკლისი მხოლოდ გვილიაა, მან „ლეგიაში“ რამდენიმე მატჩი გამოტოვა. ვეცდებით მოწინააღმდეგეს კარგი ტაქტიკა დავუპირისპიროთ და თამაში მოვიგოთ, თუმცა ალბათ ბელარუსებიც ასე ფიქრობენ.
… ბელარუსის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. ჩვენს მეტოქეს როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს. ამ გუნდის აზროვნება შეიცვალა და ბალანსი თანაბარია. ჩვენ უკეთესი გუნდი და უკეთესი ფეხბურთელები გვყავს. ჩვენმა მოთამაშეებმა იციან თამაში და შეუძლიათ ფინალში გასვლა. ასეთ საპასუხისმგებლო მატჩში ყველა რგოლი მნიშვნელოვანი იქნება.
… კვარაცხელია კლუბში მარცხნივ თამაშობს, თუმცა ამ ფლანგზე რამდენიმე მოთამაშე გვყავს. შემტევი ფეხბურთელების უმეტესობა სწორედ მარცხნივ თამაშობს. კვარაცხელია ბოლო თამაშებში მარჯვნივაც ეფექტური იყო. მას ორივე ფლანგზე შეუძლია კარგად თამაში და ამიტომაც თამაშობს ხოლმე მარჯვნივ. მისი შემდგომი ნაბიჯები მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.