ნაევროთასევს ეროვნულ ლიგაში ნაკლული, მე-12 ტური ჩატარდა. თუმცა, ახლა სანაკრებო პაუზა უწევს და შემდეგი სათამაშო დღეები უკვე 17-18 ოქტომბერს იქნება.
ლიდერთა შეხვედრა, „დინამო“ – „საბურთალო“ სულაც 23 ოქტომბრისთვის გადაიდო. არადა, საინტერესო კი იქნებოდა „დინამოს“ ხილვა, ფარერელ მეცხვარეებთან 1:6-ის შემდეგ.
გაურკვეველი ვითარებაა გორის „დილაში.“ მათმა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ თითქოს წასვლა დააპირა. მიზეზს მოგვიანებით ვიტყვიო. კლუბის ხელმძღვანელობა კი კონტრაქტის გასრულებამდე მის გაშვებას არ აპირებს.
ამ ამბავმა ეტყობა გუნდში განწყობაზეც იმოქმედა, გორელებმა ერთერთ აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ წააგეს და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დავით თარგამაძემ გაიტანა პენალტით. თუმცა, თერთმეტმეტრიანის დანიშვნას გორელების პროტესტი მოჰყვა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მსაჯმა მაჭარაძემ ნემსაძეს წითელი ბართიც კი უჩვენა.
სხვათა შორის, სამტრედიელებმა პირველად ითამაშეს ახალი მწვრთნელის, გიორგი მიქაძის თავკაცობით.
ბათუმის „დინამომ“ თელავში 3:1 გაიმარჯვა და ლიდერობა დაიბრუნა. ზღვისპირელებმა მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. „თელავმა“ კი პირველად გაუშვა სეზონში სამი ბურთი.
ევროპაში თავგამოჩენილმა „ლოკომოტივმა“ „მერანს“ ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა. საინტერესოა, რომ „რკინიგზელებმა“ ელიგის ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანეს ოთხი გოლი. ჭიაბრიშვილი და მისი ბიჭები აღარ ხუმრობენ.
ტურის ბოლო შეხვედრა, „ჩიხურა“ – „ტორპედოს“ იმერული დერბი, რომელიც „მიხეილ მესხზე“ გაიმართა, უხვგოლიანი აღმოჩნდა. თავიდან საჩხერელებმა ივარგეს და ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. მერე ქუთაისელებმა თითქოს გამოიღვიძესო, მეტოქეს მიეძალნენ. შედეგად – 2:2.
თელავი 1:3 ბათუმი
1:0 ბაშელეიშვილი (49), 1:1 ნიქაბაძე (57), 1:2 ობოაბონა (80), 1:3 ჯიღაური (84)
სამტრედია 1:0 დილა
1:0 თარგამაძე (54 პენ)
მერანი 0:4 ლოკომოტივი
0:1 იაკობიძე (2), 0:2 გაბისკირია (31 საკ. კარში), 0:3 სანდოხაძე (41), 0:4 გურეშიძე (47)
ჩიხურა 2:2 ტორპედო
1:0 კახაბრიშვილი (5), 2:0 კიკაბიძე (22), 2:1 ფანცულაია (35), 2:2 პონომარი (44)
დინამო – საბურთალო 23 ოქტომბერს გაიმართება
გუნდი თამაში მოგება ფრე წაგება ბურთები ქულა
ბათუმი 36 21 12 3 73:27 75
დინამო 36 21 7 8 59:28 70
დილა 36 17 10 9 48:35 61
საბურთალო 36 15 12 9 52:40 57
ლოკომოტივი 36 15 8 13 57:59 53
თელავი 36 12 8 16 35:53 44
სამგურალი 36 9 14 13 34:46 41
ტორპედო 36 9 13 14 38:44 40
შუქურა 36 5 12 19 28:49 27
სამტრედია 36 5 6 25 33:76 21
მეგოლეები: ჯამბულ ჯიღაური (ბათუმი), მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 6, ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), გიორგი ფანცულაია (ტორპედო), ბექა ქავთარაძე (საბურთალო)- 5