„ოლდ ტრეფორდზე” „მანჩესტერ იუნაიტედის” ნანგრევები ვიხილეთ. ინგლისში წერენ, რომ ასე საზიზღრად გუნდს ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ანუ, მას მერე, რაც სერ ალექს ფერგიუსონი გადადგა და საქმეები დაღმა წავიდა, არ უთამაშია. მანჩესტერელთა დაცვის შეცდომები კლიპად უნდა აკინძო და ბენი ჰილის საუნდტრეკი დაადოო.

იყო ასეთი მოსაზრებაც: დღეს „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს გუნება მხოლოდ მესის და რონალდუს წყვილად ყიდვამ შეიძლება გამოუკეთოს, თორემ სხვა მხრივ არაფერი ეშველებათო.

რასაკვირველია, „ტოტენჰემ ჰოთპურმა” შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ „იუნაიტედის” საცოდაობამ უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მას-მედია წერს, რომ 1:2-ზე ანტონი მარსიალის გაძევებამ მასპინძლებზე ცუდად იმოქმედა და თუ გაძევება იყო, მარსიალისთვის „სფურზის” ერიკ ლამელაც უკან უნდა მიეყოლებინათო. და მაინც, ყველა თანხმდება, რომ მარსიალი რომც არ გაეგოთ „იუნაიტედი” მაინც წააგებდა — ჟოზე მოურინიუს გუნდი ამ დღეს ოლე გუნარ სულშერის გუნდს ძალიან სჯობდა.

37-ე წუთზე, როდესაც სტუმრებმა მასპინძლებს მეოთხე გოლი გაუტანეს, კადრში მანჩესტერელთა აღმასრულებელი ვიცე-თავმჯდომარე ედ ვუდვორდი მოხვდა. წერენ, მას ისეთი სახე ჰქონდა, გეგონება კონტუზია მოუვიდაო. სულშერი კი მზად იყო ეტირა. ცოტაც და ღაპა-ღუპით წამოუვიდოდა ცრემლები.

„სანი” ამბობს, მაყურებელი ხომ არ ესწრებოდა და არ ესწრებოდა, მაგრამ ასეთი „იუნაიტედის” შემყურე ტრიბუნებზე მიხატული ფანებიც გაქცევაზე იყვნენო. სხვათა შორის, მანჩესტერელი ქომაგი კლუბზე ისედაც ბრაზობდა, რადგან გუნდის გასაძლიერებლად სატრანსფერო სეზონზე არაფერი გაკეთებულა. ბოლო დროს, თავისუფალი აგენტის, ურუგვაელი ვეტერანის ედინსონ კავანის დამატებაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ თუ მან უყურა მის მომავალ გუნდს საკუთარ კედლებში რა დაემართა, შეიძლება პირდაპირ კარიერის დამთავრება გამოაცხადოსო.

მომენტების აღწერას კი ცხადია აზრი არ აქვს. ერთადერთი შეგახსენებთ, რომ პირველი გოლი „იუნაიტედმა” შეაგდო…