არც ვიცი, რატომ მომინდა ამ თემაზე დაწერა. ალბათ იმიტომ, რომ რუსულ მინდვრებზე ხვიჩა კვარაცხელია დაფრინავს. მიხარია, როგორ არ მიხარია, მაგრამ თან მეშინია. რისი და იმის, რომ ვინც რუსეთიდან თავი ვერ დაიხსნა, ბოლომდე ვერც გაიხსნა.
მაგალითები?
ზაზა ჯანაშია! მალხაზ ასათიანი!! ჯანო ანანიძე!!!
ეს მხოლოდ ერთბაშად მოსაგონარი და ყველაზე მსხვილი კალიბრის ვარსკვლავებია, რუსული ფეხბურთის ჭაობმა რომ ჩაითრია. კი ბატონო, ვიცი, რომ რუსულ ფეხბურთში არალოგიკურად დიდი ფული ტრიალებს და იგივე ჯანო ანანიძეს 2 მილიონ ევროს სხვაგან არ გადაუხდიდნენ, მაგრამ ფეხბურთი ხომ გიყვარს? შენი მაქსიმუმი სად გადის, არ გაინტერესებს?
გოლებიც იქნება - ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი აღმოჩენაა - popsport
შარშანწინ, წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი რომ გადავეცით, სოლომონ კვირკველიას ვურჩიე კიდეც, თუ დიდი ფეხბურთის თამაში გინდა, რუსეთიდან გაიქეცი მეთქი…
რუსებმა მათი „გოსკომპანიების“ მილიარდებს თავად მიხედონ და მე კი მათი ფეხბურთის მასშტაბში გამოკეტილი ქართული ნიჭები მენანება.
ზურიკო „აბრეზიჩ“დავითაშვილს და ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთში დიდ ფულს კი, მაგრამ დიდ საფეხბურთო გასაქანს ვერ მისცემენ…
წადით, ბიჭებო! წადით და ყველაფერი მოვა.