პრემიერლიგაში ახალგადასული „ლიდსისა” და მძიმეწონოსნის, „მანჩესტერ სიტის” შეხვედრა 1:1 დასრულდა. მოგეხსენებათ, „ლიდსს” სათავეში არგენტინელი მარსელო ბიელსა უდგას, ხოლო „სიტის” კატალონიელი პეპ გვარდიოლა, რომელიც თავს ბიელსას მოსწავლედ მიიჩნიევს. გაზეთ „სანს” ოსტატისა და შეგირდის გუნდების დაპირისპირებამ დისნეის მიკი მაუსი გაახსენა. უფრო სწორად, „სანმა” დაწერა, რომ, ერთიხანობა, როდესაც ბიელსას ბიჭებმა ხელთ ინიციატივა იგდეს და სტუმრებს შეუტიეს, გვარდიოლა უოლტ დისნეის კლასიკურ პერსონაჟს დაემსგავსა, რთულ დღეში ჩავარდნილი გამოსავალს გაფაციცებით რომ ეძებს.
ინგლისური გაზეთის თამამი განცხადებით, იმ ორი კაცის შეხვედრა, რომელთაც თანამედროვე ფეხბურთი გამოიგონეს, საბოლოოდ, ხელის ჩამორთმევით და გადახვევით დამთავრდა.
„მანჩესტერ სიტი” ზედიზედ მეორე ტურია ქულებს კარგავს. 27 სექტემბერს „ქალაქელებმა” „ლესტერთან” წააგეს 2:5, „ლიდსთან” კი ის უპირატესობა, რომელიც თამაშის დასაწყისში ჰქონდათ, ვერ შეინარჩუნეს. არადა, მე-17 წუთიდან 1:0-ს იგებდნენ. გოლი რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა.
თუმცა, საკითხს შეიძლება სხვანაირადაც შევხედოთ: „სიტიმ” მადლობა უნდა თქვას, რომ ზედიზედ მეორე წაგებას გადარჩა და ეს მადლობა, უპირველეს ყოვლისა ბრაზილიელ მეკარე მეკარე ედერსონს ეკუთვნის. ის, მართალია, 59-ე წუთზე, გამოსვლაზე შეცდა და ესპანელ როდრიგოს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მისცა, მაგრამ სხვა ეპიზოდებში ძალიან იყოჩაღა.