ფრანგი ნახევარმცველი მიკაელ კუიზანსი სამედიცინო შემოწმების ჩაგდების გამო „ლიდს იუნაიტედში” ვერ გადავიდა და „ბაიერნს” დაუბრუნდა. მაგრამ, როგორ გაგრძელდება ბავარიელთა და 21 წლის ფეხბურთელის თანამშრომლობა? ამ საკითხზე „რეკორდმაისტერის” მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „ჰერტასთან” დღევანდელი შეხვედრის წინ ილაპარაკა.

„კუიზანსის ამბავი სასიამოვნო და მისთვის იოლი ნამდვილად არ არის. რაც მოხდა, ფეხბურთელისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. აქ, უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენი კლუბის სამედიცინო დეპარტამენტი საკითხს სრულიად განსხვავებულად აღიქვამს. ამიტომ, ჩვენ მიკაელი კვლავ სათვალავში გვყავს. მე პირადად ვუთხარი, რომ როგორც შემეძლება მხარში დავუდგები”, — თქვა ფლიკმა.

მწვრთნელის მხრიდან მხარდაჭერის გამოხატვის მიუხედავად, ფრანგი შაბათს გუნდთან ერთად არ იყო. ფლიკმა თქვა, რომ კუიზანსის ვარჯიშზე არყოფნის მიზეზი მარტივია:

„მან კორონავირუსის ტესტი არ გაიარა და შესაბამისად ვარჯიშზეც არ დავუშვით”.

შემდეგ ჰანსი ფლიკმა „ბაიერნიდან” „ჰამბურგში” გადაბარგებული სვენ ულრიხის შესახებ ილაპარაკა.

„მე სვენის ვარჯიშს თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვადევნებდი თვალს. ის ნამდვილი პროფესიონალია. ის გუნდისთვის თავდადებული იყო და ყველას უყვარდა. დღეს დილით მე სვენს კარგა ხანს ველაპარაკე და ვუთხარი, რომ მის წასვლაზე ძალიან მწყდება გული, მაგრამ მას ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად უნდოდა თამაში. მას პრაქტიკა სჭირდებოდა და ამიტომაც დავყაბულდით „ჰამბურგში” გაშვებაზე. ჩვენ ის მოგვენატრება და ვიმედოვნებ, რომ ამ სეზონში, ბუნდესლიგის შეხვედრებში ხშირად ვნახავთ”, — თქვა ფლიკმა.