დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე ესპანური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, 17 წლის ანსუ ფატი „ბარსელონას“ შემადგენლობაში „სევილიას“ წინააღმდეგ ითამაშებს. „სევილია“ კი ის კლუბია, რომლის ბავშვთა გუნდში ანსუმ 2010-12 წლებში, თითქმის წელიწადნახევარი აგორა ბურთი. ის, იქ ადამიანად და ფეხბურთელად ყალიბდებოდა.
კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა“ გამოაქვეყნა რამდენიმე ისტორია, რომელთაც ანსუ ფატის ცხოვრებაში გარკვეული როლი ითამაშეს.
რამდენი წლისაა ეს ბავშვი?
პირველი დიდი შეჯიბრება, რომელშიც ანსუმ მონაწილეობა მიიღო, გახლდათ მსოფლიოს ბავშვთა საკლუბო ჩემპიონატი, რომელსაც პორტუგალიაში ყოველ წელიწადს აწყობდა რიკარდო გოდოი. ეს შეჯიბრება ახლა უკვე ტარახონაში, კერძოდ კოსტა დაურადაში იმართება.
ანსუ მაშინ ძალიან პატარა იყო, მაგრამ „სევილიას“ ასაკობრივი გუნდების მწვრთნელმა ერნესტო ჩაომ ორი კატეგორიის გამოტოვებით შეჯიბრებაზე მაინც წაიყვანა. რეალურად, ფატის სამი წლით უფროსებთან მოუხდა თამაში.
პატარამ ტურნირზე თავიდანვე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ერთ-ერთი მეტოქის, ბრაზილიური გუნდის ხელმძღვანელებმა, სევილიელებთან თამაშის წინ მისი დაბადების მოწმობა მოითხოვეს. „სამი წლით უფროსებზე“ უფროსი ეგონათ. ბრაზილიელები გაშრენ: პასპორტში დაბადების თარიღად 2002 წლის 31 ოქტომბერი ეწერა.
იმ შეჯიბრების ფინალში „სევილიამ“ „აიაქსს“ მოუგო.
საინტერესოა, რომ გუნდში ანსუ ფატის გარდა კიდევ იყო ერთი ბიჭუნა, მალაგელი ნილს მორტიმერი, რომელიც დღეს „ბარსელონა B”-ში თამაშობს.
იარები ფეხებზე
როდესაც ანსუ „სევილიაში“ მიიყვანეს, მისი მწვრთნელები და თანაგუნდელები გაოცდნენ. ფეხები ნაიარევებით ჰქონდა „მოხატული“.
ანსუმ განმარტა: „ჩვენთან, გვინეა ბისაუში ფეხბურთს ქუჩებში თამაშობენ. მეც ქუჩაში დავრბოდი და ხშირად ვეჯახებოდი სახლების კარებს და კედლებს. ბისაუში კი ყველაფერს მეტალის ფირფიტებისგან აკეთებენ“.
კერპი – ხესუს ნავასი
ერთხელ, ვარჯიშის შემდეგ, ანსუ მწვრთნელმა სავაჭრო ცენტრში წაიყვანა. ბუცები უნდა ეყიდათ. პატარამ ერთი წყვილი მოიზომა და ის-ის იყო სალაროსკენ უნდა წასულიყვნენ, რომ უცებ თაროზე იასამნისფერი ბუცი. გაშეშდა. მწვრთნელს ჰკითხა, თუ ძალიან ძვირი არ არის, შეიძლება ის ვიყიდოთო? მიზეზი: ანსუს იასამნისფერმა ბუცებმა ხესუს ნავასი გაახსენა. მწვრთნელმა იასამნისფერი ბუცები უყიდა. ორ დღეში კი სასწაულიც მოხდა — ახალ ბუცებზე თვით ნავასმა მოუწერა ხელი.
გავიდა წლები. ნავასი „მანჩესტერ სიტიში“ წავიდა და ისევ „სევილიაში“ დაბრუნდა. ანსუ კი უკვე „ბარსელონაში“ თამაშობდა. და აი, მათი გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ. ანსუ დერეფანში ტრიალებდა, მაგრამ „სევილიას“ გასახდელის კარზე დაკაკუნება და ხესუს ნავასითვის მაისურის თხოვნა ვერ გაბედა. ეს მან მხოლოდ ორი დღის შემდეგ მოახერხა, ისიც, კერპთან კლუბის თანამშრომელი მიაგზავნა.
პასკუალ და მარია დელ მარები
პასკუალ და მარია დელ მარები არიან ბანკის მენეჯერი და მისი ვექილი მეუღლე, რომელთაც ანსუ მესამე შვილივით აღზარდეს. ანსუს ოჯახი ერერაში ცხოვრობდა. პასკუალს ბავშვი ერერადან ოსუნაში მიჰყავდა, სადაც „სევილას“ ავტობუსი ჩამოივლიდა ხოლმე და ანდალუსიის ქალაქებსა თუ სოფლებში აკრეფილი ბავშვები ვარჯიშზე დაჰყავდა. ცნობისთვის: ოსუნა სევილიიდან 85 კილომეტრშია.
პასკუალი და მარია ანსუს სკოლის საშიანო დავალებებსაც აკეთებინებდნენ. ანსუს მეორე მშობლებთან დღესაც აქვს ურთიერთობა.
ორი სენდვიჩი
„სევილიას“ საწვრთნელ ცენტრში იყო ბარი, სადაც ანსუ ყოველ დღე, ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ ესპანურ ტორტილა სენდვიჩებს ჭამდა. შემდეგ გაირკვა, რომ მისი დედობილი მარია დელ მარი ბიჭუნას ყოველ დღე შინიდანაც ატანდა სენდვიჩს. მწვრთნელებმა ეს რომ გაიგეს, მოსწავლეს ჰკითხეს, სად მიჰქონდა შინიდან წამოღებული სენდვიჩი? პასუხმა ყველა გააოცა:
„ჩვენთან, ბისაუში, საჭმელს არავინ ეკარება სანამ მეორე დღის ულუფასაც არ იშოვნის. ამიტომაც, სახლიდან წამოღებულ სენდვიჩებს მეორე დღისთვის ვინახავ,“ — უპასუხა ანსუმ.
მოქალაქეობა
ანსუ ფატიმ ესპანეთის მოქალაქეობა მხოლოდ შარშან მიიღო. მანამდე უცხოელად ითვლებოდა. 18 წლამდე ბავშვებთან კონტრაქტის გაფორმება კი მოგეხსენებათ, კლუბებისთვის სახიფათოა. ბოლო წლებში, ამის გამო, ბევრ კლუბს აუკრძალეს სატრანსფერო აქტივობა. ანსუს კი ერთმა ანდალუსიურმა კანონმა უშველა. ამ კანონის თანახმად, ფეხბურთის კლუბს ახალგაზრდის გამოყენება იმ დღიდან შეუძლია, როდესაც ის ანდალუსიაში საცხოვრებლად დარეგისტრირდება.
კონფლიქტი
ანსუ ფატი „სევილიადან“ „ბარსელონაში“ ცუდად წავიდა. სევილიელები ყველაფერს „ბარსელონას“ აბრალებენ. ისინი ამბობენ, რომ კატალონიელები ბავშვის მშობლებს უპატიოსნოდ გაურიგდნენ: გარიგების აზრი ის იყო, რომ ანსუს „სევილიას“ შემადგენლობაში რამდენიმე თვის განმავლობაში აღარ უნდა ეთამაშა და ეს იურისტებს ფეხბურთელის „ბარსაში“ „გატაცებას“ გაუადვილებდა. მათ სათქმელი ექნებოდათ, რომ ყმაწვილის „სევილიას“ ფეხბურთელად ჩათვლა გადაჭარბებულია, რადგან ის კარგა ხანია ამ გუნდში აღარ თამაშობს.
ამბავი ამით არ დასრულებულა. „სევილიაში“ ყვებიან, რომ ამ ამბიდან წელიწადნახევარში მათთან ისევ მივიდა ფატის მამა, რომელმაც შესთავაზა მისი ვაჟი „სევილიას“ სარეზერვო გუნდ „სევილია ატლეტიკოში“ დაებრუნებინათ. მამას ეგონა, რომ ანსუს ხათრით „სევილია ატლეტიკოში“ აიყვანდნენ მის უფროს ვაჟს ბრაჰიმასაც, რომელიც იმ მომენტისთვის „ვილაფრანკაში“ გამოდიოდა და ოჯახი კარგად მოეწყობოდა.