„ბარსელონაში” რაღაც შეიცვალა. გუნდი გაცოცხლდა, იბრძვის და მოწყურებულია გამარჯვებას. „ბლაუგრანას” ვიგოში „სელტა” 2015 წლიდან არ დაემარცხებინა და ინებეთ: 3:0.

კატალონიელი ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ რონალდ კუმანი გალისიაში იმავე შემადგენლობას ათამაშებდა, რომელმაც წინა ტურში „ვილიარეალს” 4:0 მოუგო. სტუმრების ენთუზიაზმს ვერც ავდარმა შეუშალა ხელი.

პირველი მომენტი ანტუან გრიზმანს ჰქონდა. მან გაუჩერებლად დაარტყა მსპინძელთა კარში, მაგრამ ააცილა.

მეორე მომენტი ანსუ ფატის ჩაუვარდა ხელთ და როგორც კატალონიურ პრესაში წერენ, აბა თუ მიხვდებით რა მოხდა? „ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების 17 წლის თავდამსხმელმა ფილიპე კოუტინიუს პასით საუცხოო გოლი გოლი შეაგდო, რომლის ვიდეოჩანაწერსაც ქვემოთ გთავაზობთ. ამავე ჩანაწერში გექნებათ საშუალება იმსჯელოთ, იყო თუ არა ორიოდ წამით ადრე, შეტევის დასაწყისში ლეო მესი თამაშგარე მდგომარეობაში.

პირველი ტაიმის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე მსაჯმა „ბარსას” მეორე ყვითლის გამო კლემენტ ლენგლე გაუგდო მოედნიდან.

ბარსელონელთა გაძევებებზე კიდევ იმის თქმა შეიძლება, რომ მანამდე ბოლო იმედის ჯარიმის გამო გასახდელის გზას კინაღამ ჟერარდ პიკეც გააყოლეს, მაგრამ მსაჯებმა აღმოაჩინეს, რომ მანამდე ოფსაიდის აღნიშნვა მართებდათ და ვეტერანს განაჩენი გაუუქმეს.

შესვენების შემდეგ, ლიკას ოლასამ თავის კარში ჩაჭრა ბურთი — ასე გაზარდა „ბარსელონამ” ანგარიში. ამ ეპიზოდში მესი საჯარიმოში აწოდებდა პასს, ოლასამ კი სტუმრებს საქმე გაუიოლა. მას მესისთვის ხელის შეშლა და ბურთისთვის გზის გადაღობვა უნდოდა.

ისეც არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ „ბლაუგრანას” საჯარიმოსთან საერთოდ არაფერი მომხდარა. სტუმრების დაღლასთან ერთად მასპინძლები გააქტიურდნენ და მიგელ ბაესამ სწრაფი, მრავალხიფათიანი და დინამიკური შეტევის ბოლოს ძელსაც გაარტყა, მაგრამ შეხვედრის შემდეგი გოლი ისევ გალისიელთა კარში შევარდა. ის სერხი რობერტომ გაიტანა.