NBA-ს სუპერფინალის პირველ შეხვედრაში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „მაიამი ჰიტი“ უშანსოდ დატოვა – 116:98.

ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო, რომელიც კალიფორნიელებმა 3 ქულით მოიგეს – 31:28. მეორე და მესამე მეოთხედებში კი „ლეიკერსმა“ იოლად იმარჯვა და ბოლო 10 წუთის წინ 26-ქულიანი ჰანდიკაპი მიიღო. საბოლოოდ, კი, 18-ქულიან გამარჯვებას დასჯერდა.

ცხადია, გამარჯვების მთავარი შემოქმედი ლებრონ ჯეიმსისა (25 ქულა, 13 მოხსნა და 9 პასი) და ენტონი დევისის (34 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი) სუპერდუეტი იყო. კობი ბრაინტისა და შაკოლ ონილის შემდეგ ეს დუეტი გახდა პირველი, რომლებმაც ფინალური სერიის მატჩი 25 ქულაზე მეტი მოაგროვეს. 2004 წელს „დეტროიტთან“ ფინალში ბრაიანტმა 33, ხოლო ონილმა 29 ქულა ჩააგდო.

Lakers vs Heat Game 1: Live Score and Updates - The New York Timesამ მატჩში ჯეიმსი სხვა მაჩვენებლითაც გამოირჩა: ლებრონმა ორი სამქულიანი ჩააგდო და ფინალურ სერიაში სულ პერიმეტრიდან 87 ზუსტი სროლა დაუგროვდა. „მეფემ“ გაასწრო „გოლდენ სტეიტის“ მსროლელ კლეი ტომპსონს (86) და ჩამორჩება მისივე თანაგუნდელ სტეფ კარის (121).

გარდა ამისა, 35 წლის კალათბურთელი მეხუთე ადგილზეა საჯარიმო ხაზიდან ჩაგდებული ბურთების რაოდენობით და ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს გადაასწრო. სადღეისოდ ამ მაჩვენებელში ტოპ-5 ასე გამოიყურება: ჯერი ვესტი (455), ბილ რასელი (321), მეჯიქ ჯონსონი (284), ელჯინ ბეილორი (277), ლებრონ ჯეიმსი (259).

„ლეიკერსი“ სერიაში 1:0 დაწინაურდა, მომდევნო შეხვედრა კი, 3 ოქტომბერს გაიმართება.