ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, შემოდგომის პირველი ორი ტესტ-მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ნაკრები 23 ოქტომბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებს ეთამაშება, ხოლო 1 ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში რუსეთს თბილისში უმასპინძლებს. ამ მატჩებისთვის ჯამში 38 მორაგბე მოემზადება, რომელთაგან 22 მორკინალი და 16 ხაზის მოთამაშეა.

14 ნოემბრიდან ბორჯღალოსნები „შემოდგომის ერთა თასში“ ჩაერთვებიან, სადაც 14 ნოემბერს ინგლისს, 21 ნოემბერს უელსს, 29 ნოემბერს ირლანდიას და 5 დეკემბერს მეორე ჯგუფის ერთ-ერთ გუნდს (საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია, ფიჯი) ეთამაშებიან.

„გამოძახებულია ყველა, ვინც ამ ეტაპისთვის მზადაა და ვისი საქმეში ხილვაც მინდა. რეგულაციებიდან გამომდინარე, შოტლანდიასთან მატჩამდე ეს სია შემცირდება და საფრანგეთში შეკრებაზე 32-33 მორაგბე გვეყოლება. არის პოზიციები, სადაც ჯერ კიდევ არ ჩამოვყალიბებულვართ, ვინ მიიღებს მონაწილეობას პირველ ორ თამაშში. „შემოდგომის ერთა თასისთვის“ გაფართოებული შემადგენლობის ბირთვი იგივე იქნება. შესაძლოა იყოს მცირე ცვლილებები“ – განაცხადა შემადგენლობასთან დაკავშირებით ლევან მაისაშვილმა.

 

ხუთი დებიუტანტი

გაფართოებულ რაზმში ხუთი დებიუტანტია: „ბორდოს“ 28 წლის ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, „ბაიონის“ ახალგაზრდა მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი, „ორიაკის“ 9 ნომერი მიხეილ ალანია, რომელსაც პრო დე2-ში ახლახანს შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა, 20-წლამდელთა ნაკრების შუამარბი სანდრო სვანიძე და დავით ნინიაშვილი, „ხვამლის“ ფულბეკი, რომელსაც აქამდე მხოლოდ 18-წლამდელთა ნაკრებში და საქართველოს რეგიონალ ლიგაში უთამაშია.

გამოცდილი მეორეხაზელების – გიორგი ნემსაძისა და შალვა სუთიაშვილის ნაკრებიდან წასვლის ფონზე, მაისაშვილმა მეორე ხაზში ექვსი მორაგბე გამოიძახა. მათ შორისაა „ორიაკის“ მეორეხაზელი გიორგი ჯავახია, რომელსაც ბორჯღალოსანთა კვართით ერთხელ, შარშან ესპანეთის წინააღმდეგ უთამაშია, ოღონდ მესამე ხაზში.

9 დღე საფრანგეთში

ის ბორჯღალოსნები, რომლებიც ქართულ კლუბებში თამაშობენ, ან უკვე საქართველოში არიან, 21 სექტემბრიდან შეკრებაზე „შევარდენზე“ შევიდნენ. ისინი იქ თვითიზოლაციის პირობებში 11 ოქტომბრამდე დარჩებიან, მერე კი საფრანგეთში გაემგზავრებიან.

მსოფლიო რაგბის მე-9 რეგულაციის თანახმად, ბორჯღალოსნებს სამი დღით ლეგიონერებიც შეუერთდებიან და მანდელიუში ივარჯიშებენ, მერე კი თამაშებისთვის კლუბებს დაუბრუნდებიან და ორშაბათს კვლავ საწვრთნელ ბანაკში გამოცხადდებიან.

ედინბურგში საქართველოს ნაკრები თამაშამდე სამი დღით ადრე ჩავა.

 

გაფართოებული რაზმი შოტლანდიასთან და რუსეთთან

შერკინება მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 61 კეპი, 10 ქულა), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 14, 5), ლექსო ყაულაშვილი (ბორდო, 0), შალვა მამუკაშვილი (ლესთერ თაიგერსი, 74, 50), ჯაბა ბრეგვაძე (უკლუბო, 58, 20), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 11, 5), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, 54, 50), ბექა გიგაშვილი (ტულონი, 14, 5), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 19, 5); კოტე მიქაუტაძე (უკლუბო, 64, 10), ნოდარ ჭეიშვილი (აია, 25, 0), დავით გიგაური (ტარბი, 6, 5), გრიგორ ქერდიყოშვილი (ლელო, 2, 5), ლაშა ჯაიანი (არმაზი, 2, 0), გიორგი ჯავახია (ორიაკი, 1, 0); ბექა გორგაძე (ბორდო, 27, 40), ბექა საღინაძე (ორიაკი, 12, 5), ოთარ გიორგაძე (ბრივი, 25, 25), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 57, 60), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, 10, 10), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 1, 0), იოანე იაშაღაშვილი (ბაიონი, 0);

ხაზი ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 51, 40), გელა აფრასიძე (მონპელიე, 25, 24), მიხეილ ალანია (ორიაკი, 0); თედო აბჟანდაძე (ბრივი, 15, 102), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 83, 53); მერაბ შარიქაძე (უკლუბო, 66, 62), გიორგი კვესელაძე (არმაზი, 24, 20), დემე თაფლაძე (ლელო, 2, 5), ლაშა მალაღურაძე (ვვა, 99, 198), თამაზ მჭედლიძე (რუანი, 57, 35), სანდრო სვანიძე (არმაზი, 0); აკაკი ტაბუცაძე (ლელო, 2, 25), სანდრო თოდუა (ბათუმი, 85, 70), ზურაბ ძნელაძე (აია, 11, 15); სოსო მათიაშვილი (აკადემია, 27, 152), დავით ნინიაშვილი (ხვამლი, 0).