ასეთი რაღაც ხშირად არ ხდება: „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „ჩელსის” შეხვედრაში, როდესაც დროის ამოწურვამდე 15 წუთი რჩებოდა, ერიკ დაიერი ტუალეტში გავარდა. მას მოურინიუ გამოუდგა. გასახდელის გვირაბში ორივეს ფოტო გადაუღეს.

ეს იყო „კარაბაოს თასის” მერვედფინალური მატჩი, რომელიც 1:1 დასრულდა და პენალტებში „სფურზმა” მოიგო.

ვინც დაიერის გასვლა შეამჩნია, ეგონა, რომ ის გამოცვალეს და გვირაბში იმიტომ შევიდა, მაგრამ როდესაც მწვრთნელიც გამოეკიდა, ხალხი დაიბნა. ცოტა ხანში მცველი მოედანზე დაბრუნდა და განმარტებაც მოჰყვა, რომ საჭირო ოთახში იყო.

თამაშის დამთავრების შემდეგ ტუალეტის ამბავი დაიერმა და მოურინიუმ დაადასტურეს, ფეხბურთელმა კი ინსტაგრამზე გააზიარა ფოტო, სადაც მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი უნიტაზზე დევს.

თავის მხრივ, ჟოზე მოურინიუმ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ არ შეიძლება ასეთ დონეზე 48 საათში ორი მატჩის დანიშვნა.

„ის, რაც ერიკს შეემთხვა, ნორმალური არ არის. ასეთ დონეზე 48 საათში ორი შეხვედრის ჩატარება აკრძალული უნდა იყოს. ეს ჰუმანური არ არის. მას სხვა გზა არ ჰქონდა, მოედანი უნდა მიეტოვებინა და ტუალეტში გაქცეულიყო.

ალბათ, როდესაც სრული გაუწყლოვნება გჭირს, ეს ნორმალური რეაქციაა. მე გამოვედევნე, რათა მოედანზე დამებრუნებინა, მაგრამ ის სამაგალითო ადამიანია.

განსხვავება რა არის, იცით? მე დაიერს იმიტომ გამოვუდექი, რომ მასზე ვზრუნავდი, ფეხბურთის თავკაცები კი მოთამაშეებზე არ ზრუნავენ”.

თავად დაიერმა ასე თქვა: „კვირის შემდეგ კვლავ მთელი დატვირთვით თამაში ძნელი იყო. ვინ იცის, ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი, მოედნიდან სასწრაფოდ გასვლა რომ მომიხდა. ჟოზე უკმაყოფილო იყო, მაგრამ ვერაფერს გავხდი, ბუნება თავისას ითხოვდა. მერე მითხრეს, სანამ შენ არ იყავი, „ჩელსის” მომენტი ჰქონდაო. კიდევ კარგი გოლი არ გავიდა”.

ჟურნალისტებმა კი გაიხსენეს, რომ დაიერი მოედნიდან ადრეც გასულა. ფეხბურთის ასოციაციის თასის ბოლო გათამაშებაში, „ტოტენჰემისა” და „ნორვიჩის” შეხვედრაში ის ტრიბუნაზე ავარდა, რათა უმცროსი ძმა პატრიკი დაიცვა ვიღაცისგან.