„ლივერპულის” თავკაცმა იურგენ კლოპმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდასა და ტელეექსპერტ როი კინს მატჩისშემდგომ გადაცემაში შეუტია. მიზეზი: ირლანდილემა კლოპის გუნდის თამაშს „არსენალის” წინააღმდეგ („ლივერპულმა” მოიგო 3:1) „დაუდევარი” უწოდა.

როდესაც გერმანელს კინის ნათქვამი გადასცეს, მან ყურებს არ დაუჯერა და ინფორმაციის გადამოწმება ისურვა.

კლოპი: „მართლა თქვა, რომ დღეს ჩვენ დაუდევრად ვითამაშეთ? თუ ასეა, ეტყობა სხვა ფეხბურთს უყურებდა, რადგან ჩვენს თამაშში დაუდევრობის ნიშანწყალი არ ყოფილა. დღეს ჩვენ განსაკუთრებულები ვიყავით. ფეხბურთი, რომელიც ჩვენ ვითამაშეთ საგანგებო იყო”.

შეხვედრა „ენფილდზე” გაიმართა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს — გოლი 25-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტიმ შეაგდო, მაგრამ 3 წუთში სადიო მანემ გაათანაბრა, 34-ზე ენდრიუ რობერტსონმა მასპინძლებისკენ გადაწონა, შესვენების მერე კი დიოგო ჯოტამ, რომელიც წითელი მაისურით პირველად თამაშობდა, მერსისაიდელთა მესამე გოლი გაიტანა.

„არსენალმა” პრემიერლიგის ახალ სეზონში ორი მოგების შემდეგ პირველად წააგო.

ტელესტუდიაში კი მოისმინა რა კლოპის პასუხი, კინმა თავისი ნათქვამის აზრი დააზუსტა.

„მე ვთქვი, რომ შეხვედრაში იყო დაუდევარი თამაშის ეპიზოდები, თორემ ჯამში თქვენი გუნდი შესანიშნავად თამაშობდა. „ლივერპულზე” ქების სიტყვების გარდა არაფერი მითქვამს. არ ვარ დარწმუნებული, რომ კარგად მომისმინეთ”.

შემდეგ კინმა კლოპს უთხრა, ჩემი გამოსვლა გადაახვიე და თავიდან მოისმინეო, რაზეც გერმანელმა უპასუხა, რომ სწორედაც რომ ასე მოიქცევა.

და როდესაც „ლივერპულის” მწვრთნელი გასახდელში შებრუნდა, კინმა თქვა: „ღმერთო, რა ემოციური კაცია. წარმოგიდგენიათ, რომ წაეგო რა დღეში იქნებოდა?”

ამას მოჰყვა „სქაი სპორტის” წამყვანის დევიდ ჯონსის კითხვა. მას აინტერესებდა, კინის აზრით წლეულსაც გახდება „ლივერპული” ჩემპიონი თუ ვერა.

„ოჰო. მას მერე რაც კლოპი თავს დამესხა ამ კითხვაზე ვუპასუხო? შიშისგან ხმას როგორ ამოვიღებ”, — გაიხუმრა კინმა.