რონალდ კუმანს „ბარსელონას” მწვრთნელის რანგში ზღაპრული დებიუტი ჰქონდა. „ბარსამ” „ვილიარეალს” 4:0 მოუგო.

ამ შეხვედრას ჰყავდა გამოკვეთილი გმირი: ანსუ ფატი!

ბიჭუნამ, რომელიც ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და თვრამეტისა 31 ოქტომბერს გახდება, ორი გოლი თავად გაიტანა (პირველი იხ. ვიდეოზე) და ერთიც პენალტი მოიპოვა, რომელიც ლეო მესიმ შეაგდო. მეოთხე გოლი სტუმარმა პაუ ფრანსისკო ტორესმა თავის კარში ჩაჭრა და ეს ყველაფერი პირველ ტაიმში მოხდა.

ჰოლანდიელმა ანსუსთვის ქების სიტყვები არ დაიშურა, თუმცა ისიც თქვა, რომ მისგან მეტს ელის:

„დღეს ჩვენ ანსუს თამაში უნდა გამოვყოთ. გასულ კვირაში ანსუ ამხანაგურ შეხვედრაში არ მომეწონა და გავაკრიტიკე, მაგრამ ის ხომ მხოლოდ 17 წლის არის, ჯერ უამრავი რამის დახვეწა შეუძლია და წინ დიდი მომავალი ელის.

ფატი ხანდახან კონცენტრაციას კარგავს. „ელჩესთან” მან კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ დღეს შესანიშნავი იყო, თამაშის სიმძიმის ცენტრი ფლანგზე გადაჰქონდა, შეტევის ფრონტს აფართოებდა და მისი წყალობით დიდი უპირატესობა შევიძინეთ”.

აღსანიშნავია, რომ ანსუ ფატი ასაკის მიუხედავად უკვე ორჯერ ათამაშეს ესპანეთის ნაკრებშიც, სადაც ასევე გამოიჩინა თავი — ერთი გოლის გატანაც მოახერხა.

ზოგადად თამაშზე კი კუმანმა ასე თქვა: „პირველი ტაიმით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ სრულ უპირატესობას ვფლობდით. ვთამაშობდით, როგორც დიად გუნდს შეეფერება,  დაკარგულ ბურთს მალევე ვიბრუნებდით და შეტევაზე ოპტიმალურად გადავდიოდით”.

კუმანს ცალკე ჰკითხეს ანტუან გრიზმანის შესახებ.

„არ მაინტერესებს გაიტანა მან დღეს გოლი თუ არა. გრიზმანით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ შეგვიძლია ნომინალური 9 ნომრის გარეშე თამაშიც, მაგრამ ასეთი ფეხბურთელის ყოლა ყოველთვის კარგია,” — თქვა 90-იანი წლების „ბარსას” ლეგენდამ.