იმისათვის, რომ გასული სეზონივით „ტრებლი” გაიმეოროს, „ბაიერნს” 254 დღეში 54 თამაში აქვს ჩასატარებელი, — წერს „შპორტბილდის” ჟურნალისტი მატიას ბრუგელმანი და დასძენს, რომ ეს ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე დაძაბული კალენდარია.
„ბაიერნს” ბრუგელმანის აზრით ჰყავს ტოპ-კლასის თოთხმეტი ფეხბურთელი, თუმცა ხშირად გუნდის ძირითად შემადგენლობაში ტოპ-კლასის თერთმეტი ფეხბურთელიც კი ვერ გროვდება.
ჟურნალისტის თოთხმეტეული ასეთია: ნოიერი, პავარი, ალაბა, ბოატენგი, ზიულე, დევისი, გორეცკა, კიმიხი, მიულერი, გნაბრი, სანე, კომანი, ლევანდოვსკი, ერნანდესი.
ბრუგელმანის აზრით, ეს ხალხი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ „რეკორდმაისტერმა” „ტრებლი” გაიმეოროს, თუმცა თავადვე დასძენს, რომ „ტრებლის” მოპოვება ყოველ წელიწადს შეუძლებელია და გუნდისთვის ამის მოთხოვნა შეცდომაა. აი, „დუბლის” შესრულება კი სხვა საქმეა ანუ ბუნდესლიგის სასალათისა და გერმანიის თასის მოგება ბავარიელებს დიახაც, რომ ყოველ წელიწადს ევალებათ.
სწორედ აქ ვარაუდობს ჟურნალისტი, რომ ფეხბურთელთა ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფი არც ამ ამოცანის გადასაწყვეტად არის საკმარისი, რაც „ბაიერნის” მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა კარგა ხანია იცის და, სავარაუდოდ, კლუბის დირექტორატს ახალი მოთამაშეების შეძენას სთხოვს.
ახლა კი, გუშინდელი თამაში გავიხსენოთ: „ბაიერნმა” „ჰოფენჰაიმთან” 1:4 წააგო.
და აი, ამ წაგების შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი ბრუგელმანი მეტად თამამ მოსაზრებას გამოთქვამს: „შესაძლოა ფლიკმა ეს თამაში განზრახაც კი გამოიყენა, რათა ხელმძღვანელობისთვის რთული მდგომარეობა შეეხსენებინა და სატრანსფერო აქტიურობაზე წაექეზებინა”.
ჟურნალისტს საეჭვოდ ეჩვენება ის გარემოება, რომ ფლიკმა ძირითად შემადგენლობაში ორი დაუღალავი მანქანა, რობერტ ლევანდოვსკი და ლეონ გორეცკა არ დააყენა.
ბრუგელმანი: „განზრახ გადადგა „ბაიერნის” მწვრთნელმა ეს ნაბიჯი? „დორტმუნდის” „აუგსბურგთან” დამარცხების მეორე დღეს, რატომაც არა. ასეთი რამ სრულიად შესაძლებელია.”
ცნობისათვის: 2019 წელს, ფლიკის წინამორბედმა ნიკო კოვაჩმა „დორტმუნდთან” სუპერთასზე 0:2 წააგო; მალე „ბაიერნში” ივან პერიშიჩი და ფილიპე კოუტინიუ გამოჩნდნენ…