NBA-ს ფინალში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ და „მაიამი“ ითამაშებენ.
„ლეიკერსის“ ამბავი გუშინ გითხარით, ამ დილით კი მაიამელებმა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ლიგის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი „ბოსტონ სელტიქსი“ (17 ჩემპიონობა) დასცეს – 125:113 და საერთო ჯამში 4:2 მოიგეს.
თუმცა, საინტერესო ის ფაქტია, რომ „მაიმიმ“ სერიაში ჩაგდებული ბურთების რაოდენობით 674:675 წააგო. ბოლო 30 წელიწადში „ჰიტი“ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც კონფერენცია ისე მოიგო, სერიაში უარყოფითი ბალანსი ჰქონდა. ბოლოს ეს 1990 წელს მოხდა, როცა „პორტლენდმა“ სერია კი მოუგო „ფინიქსს“, მაგრამ საერთო დაგროვებული ქულებით 636:670 წააგო.
ამასთან, „მაიამიმ“ საქმე გაუკეთა „ლეიკერსს“, რომელსაც ჩემპიონობა 16-ჯერ აქვს მოგებული და ფინალში მაიმელთა დამარცხების შემთხვევაში „ბოსტონს“ დაეწევა. თუმცა, „მაიამი,“ ამავე საქმეში, ცხადია, ხელსაც შეუშლის…
„მაიამი“ ფინალში ბოლოს 2014 წელს იყო, როდესაც „სან ანტონიოსთან“ 1:4 დამარცხდა, ხოლო „ლეიკერსმა“ ფინალში ბოლოს 2010 წელს ითამაშა, „ბოსტონს“ მოუგო და საჩემპიონო სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.
ჰო, „ლეიკერსს“ მოგებულად ის ჩემპიონობებიც ეთვლება, როდესაც ლოს-ანჯელესის ნაცვლად მინიაპოლისში იყო დაბანაკებული…