ხამეს როდრიგესმა პრემიერლიგაში სახე იცვალა. „ევერტონში”, რომელსაც კარლო ანჩელოტი წვრთნის, კოლუმბიელი საკუთარი თავის რწმენით აივსო და ნიჭს გაცილებით უკეთ ავლენს. ესპანური გაზეთი „მარკა” წერს, რომ ის „რეალში”, ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით ასე ვერ თამაშობდა.

„მარკამ” გადაწყვიტა შეედარებინა, თუ რა განსხვავებაა ხამესს ზიდანის ხელში და ხამესს ანჩელოტის ხელში. ესპანელი ჟურნალისტების ვერსია ასეთია:

რწმენა:  გულწრფელები თუ ვიქნებით, რთული არ იქნება იმის აღიარება, რომ ანჩელოტის ხამესისა სწამს, ზიდანს კი არა. ამაში იოლად დავრწმუნდებით თუ გადავხედავთ როგორც ტაქტიკურ, ასევე პიროვნულ ასპექტებს.

პოზიცია: ზიდანი ხამესს ხშირად ფლანგზე ათამაშებდა, რითაც მთავარი მოვლენებიდან განზე წევდა, ანჩელოტის ხელში კი კოლუმბიელი თავის მოქმედებებში უფრო თავისუფალია. მართალია, მას დაცვის დახმარებაც ევალება, მაგრამ შეტევაში ერთ-ერთ მთავარ ძალას წარმოადგენს.

მხარდაჭერა: ანჩელოტი ხამესს მოედანსა თუ მის მიღმა ყოველთვის მხარს უჭერდა, ზიდანი კი მის მიმართ ასე არ იყო განწყობილი. ის კოლუმბიელს ხშირად არც ათამაშებდა და არც ქების სიტყვებით უყვარდა მისი განებივრება.

მინუსები: „რეალში” გატარებულ პირველ პერიოდში (2014-17), ხამესი ხშირად თამაშობდა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებში, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებზე. ფეხბურთელი ასეთი დამოკიდებულების აზრს კარგად ვერ ხვდებოდა, ხოლო როდესაც ზიდანმა ის 2017 წლის ფინალში, „იუვენტუსთან”, განაცხადშიც არ შეიყვანა, გული გაუტყდა.

საყვარელი ფეხბურთელი: ანჩელოტიმ ხამესი კარიერაში მესამედ იყიდა. „ევერტონამდე” მან კოლუმბიელი შეიძინა „რეალსა” და „ბაიერნში”. გასულ ზაფხულს იტალიელს „ნაპოლიშიც” უნდოდა მისი გადაყვანა.

ზიდანს კი ყოველთვის ერჩივნა ხამესი მისი გუნდიდან გაეშვათ.