ნიკა ამაშუკელი: "ასეთი დონის ტურნირზე მუშაობა ოცნებაზე მეტს ნიშნავს"საქართველოს 2019 წლის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი „შემოდგომის ერთა თასის“ ორ მატჩს მოემსახურება.

22 ნოემბერს ის „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრაში უეინ ბარნსის, ხოლო 28 ნოემბერს, იმავე „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და ფიჯის მატჩში ენდრიუ ბრისის დამხმარე იქნება

„ეს არის მომენტი, რომელზეც ამ ასაკში ვერც კი ვიოცნებებდი. შოტლანდია-საფრანგეთი ძველისძველი დაპირისპირებაა და ფაქტობრივად, ექვსი ერის ტოლფასი შეხვედრის მსაჯობა მომიწევს, ხოლო შოტლანდია-ფიჯი იქნება პრინციპული დაპირისპირება“.

„მომიწევს მსოფლიოში უდაოდ ნომერ პირველ მსაჯთან, უეინ ბარნსთან და ენდრიუ ბრისთან მუშაობა, რაც ათასმაგი პასუხისმგებლობაა. ბარნსი რეპუტაციით და ავტორიტეტით უდაოდ უძლიერესი მსაჯია და მსოფლიო თასის ფინალი მხოლოდ იმის გამო ვერ იმსაჯა, რომ იქ ინგლისის ნაკრები თამაშობდა. პირადად ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც მეორე დონის სარაგბო ქვეყანას წარმოადგენს, ეს გასაოცარი ფაქტი და დიდი პატივია,“ – განაცხადა 26 წლის რეფერიმ.

ამაშუკელმა 2019-2020 წლების სეზონის ჩელენჯ ქაფზე ჯგუფური ეტაპის ექვსი მატჩიდან ხუთი იმსაჯა; ასევე ის იყო რეფერი 2020 წლის 20-წლამდელთა ექვსი ერის ორ შეხვედრაში: საფრანგეთი – ინგლისი და ირლანდია – უელსი; 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთის და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების მატჩი; პრო 14-ში ირლანდიური „მანსთერისა“ და სამხრეთ აფრიკული „კინგსის“ თამაში; ხოლო პრო დე2-ში (ვანი – მონტობანი) დებიუტში, ხელი COVID-19-ის პანდემიამ შეუშალა.