ეძღვნება თბილისის დინამოს

დავიკარგე, ხომ იცი? აღარავის აღარ ვაქვარ… არა, რა ვაქვარ…  ვაქ. თუ ვყავარ? არა, არც ვყავარ. მოკლედ, აღარსად აღარ ვარ. სანთლით უნდა მეძებო.

არადა, რამხელა ვიყავი! ხომ გახსოვს ერევანში ჭომამ მსაჯს ტაში რომ დაუკრა, იმან კიდევ ეგ როგორ მაკადრეო და წითელი ბარათი რომ ამოუღო? აი, მაშინ იმხელა ვიყავი, რომ ათი კაცით დარჩენილმა ბიჭებმა „არარატს“ 4:1 მოუგეს.

თბილისის დინამოში ახალ ლეგიონერებს ელიანახლა კიდევ, დავჩიავდი და მგონი დემენციაც დამეწყო. ეს დემენცია მოდური სიტყვაა. ადრე სკლეროზს რომ ეძახდნენ ის არის. იმ დღეს მიხსნიდნენ, დემენცია უფრო ფართო რაღაცაა და სკლეროზსაც მოიცავსო თუ პირიქით… აღარ მახსოვს, პრობლემები მაქვს ხომ გეუბნები.

თან, როგორ არის იცი? ახალი ამბები მავიწყდება, ძველები კიდევ მახსოვს. მეორე მხრივ, აღარ ვარ და ახალი ამბები როგორ უნდა დამამახსოვრდეს…

აი, ნაღდად როდის ვიყავი, იცი? ტაშკენტში, 64-ში. დიუსელდორფში 81-ში, პირველი გოლი რომ გაგვიტანეს და მაინც რომ მოვიგეთ. არა, ბიჭო, ჩემ ხელში გედეერის შეეშინდებოდათ. ფეერგესი არ ეშინოდათ. ეს მერე მოიგონეს პირველი გოლის ფაქტორიო და რაღაცა… რა პირველი გოლი, რის პირველი გოლი, სადაც მე ვარ, იქ პირველი გოლის ფაქტორი არ არსებობს!

კიდევ, ლივერპულში ვიყავი, ლონდონში, ჰამბურგში, როტერდამში, მილანში, მადრიდში „კარაველას“ თასზე, უამრავჯერ ვარ ნაყოფი მოსკოვში, კიევში, დონეცკში, ერევანში, ლენინგრადში…

მაგრამ, ეხლა ისიც არ მინდა, რომ ზედმეტი გამომივიდეს. აი, მაგალითად მოლდოვაში როგორ არის, იცი? ადრე დავდიოდი (დიდად საჭირო არ ვიყავი, მაგრამ მაინც ჩავდიოდი ხოლმე), ამ ბოლო წლებში კი ვერ ვიხსენებ, რომ წავეყვანეთ. არადა, იქ თურმე ვიღაც ტიპები ჩვენზე ლაპარაკობენ, ეგენი ვინ არიანო, ქართველს ფეხბურთი როგორ ვერ უნდა მოუგოო, მაგრამ ვერ ვიხსენებ, რომ ამათ რეაქცია ჰქონოდათ და დელეგაციაში შევეყვანეთ.

არ გამომიყვანეს „შერიფი“ მაგარ გუნდად?

I shot the sheriff!

და საერთოდ, ამ ბოლო დროს ახლო საზღვარგარეთშიც კი იშვიათად გავდივარ.

საზღვარგარეთში კი არა ფეხბურთზე თბილისშიც აღარ დავდივარ. არც ვახსენდები არავის. მეც არავის შევეხვეწები გამიხსენეთ, მეთქი, იმიტომ რომ ერთი ძველი სიმღერისა არ იყოს კაცი ვარ და ქუდი მხურავს!

თუ გამიხსენებთ თქვენთვისვე ხომ კარგი, თუ არა სულ კარგად ბრძანდებოდეთ.

მარად თქვენი
ჯიგარი