„ტოტენჰემმა” მაკედონიაში „შკენდიას” 3:1 მოუგო, მაგრამ შეხვედრას წინ სახალისო ამბავი უძღოდა — ინგლისურმა გუნდმა კარების გამოცვლა მოითხოვა, ძალიან დაბალიაო.

ევროლიგის ამ თამაშზე კარები რომ დაბალი იყო, „სფურზის” მეკარემ მოთელვის დროს შეამჩნია და ამის შესახებ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუს შეატყობინა, მან კი თავის მხრივ დელეგატი და მსაჯები ჩართო საქმეში.

მოურინიუმ თქვა: „თამაშის წინ სასაცილო რაღაც მოხდა. ჩემმა მეკარემ მითხრა, რომ მოედანზე პატარა კარები იდგა. სანახავად მივედი და თავად დავრწმუნდი, რომ კარები მართლაც ძალიან პატარა იყო. ეს მითუმეტეს მეკარეს არ შეეშლებოდა, ის ხომ მთელს ცხოვრებას კარში ატარებს. სასწრაფოდ დავუძახე უეფას დელეგატს, რომელიც მოვიდა და რომ გაზომა, დაადგინა — კარები მართლაც 5 სანტიმეტრით პატარა იყო”.

ფეხბურთის 1.10 წესში წერია, რომ პატარა კარები შეიძლება არსებობს, ოღონდ ისინი უნდა დააყენონ პატარა მოედნებზე ან იუნიორთა შეჯიბრებებზე. რაც შეეხება სტანდარტულ ზომას, კარი სიგრძეში უნდა იყოს 732 სანტიმეტრი, ხოლო სიმაღლეში 244 სანტიმეტრი. თუ ვინმეს ეს ზომები უცნაურად ეჩვენება, განვმარტავთ, რომ ფეხბურთი ინგლისელების მოგონებული თამაშია და კარის ზომებიც ინგლისური ერთეულებით არის დადგენილი: სიგრძე 8 იარდი, ხოლო სიმაღლე 8 ფუტი.

მეტიც, წესებით არის დადგენილი, რომ კარის ძელები უნდა იყოს თეთრი და მათი დიამეტრი 12 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს.