ევროპის სუპერთასზე, დამატებით დროში, ხავი მარტინესის გოლით, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „ბაიერნმა” ევროლიგის გამარჯვებულ „სევილიას” 2:1 მოუგო და ჯილდოს დაეუფლა.
თამაში ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე” გაიმართა. ეროვნებით ბასკი მარტინესი, რომელსაც ზაფხულში „ბილბაოში” ელოდნენ, გერმანული კლუბის ერთგული დარჩა და, როგორც გაირკვა, სწორადაც მოიქცა — „რეკორდმაისტერის” მორიგი ტიტულის მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
შეხვედრას 20 000 მაყურებელი დაესწრო.
მე-13 წუთი იყო, როდესაც „ბარსელონადან” ახლმა გადასულმა ხორვატმა ვეტერანმა ივან რაკიტიჩმა „სევილიასთვის” პენალტი მოიპოვა. წესი დავიდ ალაბამ დაარღვია. თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ლუკას ოკამპოსმა შეაგდო.
პირველი ტაიმის შუაში „ბაიერნი” ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს იყო, მაგრამ ჟიულ კუნდემ თომას მიულერს არ გაატანინა. მოგვიანებით კი, 34-ე წუთზე, ფრანგმა მცველმა რობერტ ლევანდოვსკისა და ლეონ გორეცკას კომბინაციასთან ვერაფერი გააწყო — 1:1.
ამის შემდეგ, სათამაშო დროის მეტი წილი გუნდებმა ესპანელების ნახევარზე გაატარეს. შესვენების შემდეგ ლევანდოვსკის მსაჯებმა ორი გოლი გაუუქმეს კიდეც.
„სევილიამ” აქცენტი კონტრშეტევებზე გადაიტანა და შეხვედრის მიწურულს იუსეფ ენ ნესირის მეორე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მანუელ ნოიერმა იყოჩაღა.
დამატებით დროში კი, როგორც მოგახსენეთ, შეცვლაზე შესულმა ხავი მარტინესმა თამაშის ბედი გადაწყვიტა: სევილიელთა მეკარე ბონომ ალაბას დარტყმული პირდაპირ მოიგერია, მაგრამ ბურთი პირდაპირ ბასკს მიუვიდა და მანაც ის თავურით კარში გადაგზავნა. ამ ეპიზოდში მცველებმაც ვერ იყოჩაღეს.
შეგახსენებთ, რომ ხავი მარტინესი ის კაცია, რომელმაც 2013 წელს, სუპერთასის დამატებითი დროის წამატებულ წუთებზე (120+1) „ჩელსის” გაუტანა და „ბაიერნს” პენალტები მოუპოვა, რისი წყალობითაც საბოლოოდ მიუნხენელებმა გაიმარჯვეს.
ამრიგად, ხულენ ლოპეტეგის 21 თამაშიანი წაუგებელი სერია ყველა შეჯიბრებაში, დასრულდა.