წლევანდელ ლა ლიგას, სავარაუდოდ, ცოტა მეტი ინტრიგა ახლავს, ვიდრე გასულს. გუნდი, რომელმაც დიდი პრობლემებით და 16 ფრით მესამე ადგილამდე ააღწია, მთელი სეზონი საკუთარი სტილის ერთგული იყო. დიეგო სიმეონეს „ატლეტიკო“ დაცვაში კედლად იდგა და მხოლოდ მაშინ რისკავდა, როცა გოლის გატანა აუცილებელი იყო.
„ენფილდზე“ ლივერპულელთა ძლევის შემდეგ „ატლეტიკო“ გიმნაზისტად მონათლული ნეგელსმანის „ლაიფციგთან“ ვერას გახდა – გერმანელებმა მატჩის მიწურულს გაიტანეს და სიმეონეს გასარისკი დროც კი არ დარჩა.

კლუბის ლეგენდად ქცეულ ურუგვაელს ბოლო შვიდიდან ხუთ სეზონში სტაბილურად 20 გოლზე მეტი გაჰქონდა. სუარესს ტურინის „იუვენტუსი“ ელოდა, მაგრამ იტალიური ენის გამოცდაში ჩაიჭრა და დილით რომ ცრემლმორეული „ბარსას“ დაემშვიდობა, უკვე საღამოს „ატლეტიკოს“ მაისურით პოზირებდა.
სიმეონემ სერიოზული ძალა დაიმატა. გოლები გოლებად, ურუგვაელი კი ესპანურ ჩემპიონატში სხვა რამითაც გამოირჩევა. მიღებული პასებიდან უმრავლესობას სახიფათო მომენტებად აქცევს, ოღონდ მისი მისამართით მაღალი ბურთები არ უნდა დაკიდო.
სიმეონეს გუნდი აშკარად გაძლიერდა, მაგრამ რას შვება ამ დროს ორი უპირველესი გრანდი? „რეალმა“ ოდეგორი დაიმატა, თუმცა ჯერ არ იცის, რა ქნას თავდასხმაში, როცა ბენზემას თამაში არ წაუვა. „ბარსამ“ შეინარჩუნა ლეო მესი და დაიმატა პიანიჩი – ისე რა სატრანსფერო ზაფხული გამოუვიდა.
„ატლეტიკოს“ 20 და მეტი გოლის გამტანი კაცი 2015-2016 წლების სეზონის შემდეგ არ ჰყოლია. სიმეონეს გუნდის დაცვა ისევ რკინაბეტონია, თავდასხმაში სუარესით კი ათჯერ საშიში.
ძრწოდეთ, გრანდებო.
„ბარსელონასთან“ ურუგვაელს სულაც პირადი ანგარიში აქვს გასასწორებელი.