„ტრანსფერმარკეტის” დათვლით „ლივერპული” მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი კლუბი გამოდგა. ეს სტატუსი მერსისაიდელებმა ზაფხულის ერთი შეხედვით მოკრძალებული ნასყიდობების წყალობით შეიძინეს.

გასულ კვირას „წითლებმა” დაიმატეს ტიაგო ალკანტარა და დიოგო ჟოტა, რის შედეგადაც მათი ფასი თითქმის მილიარდი გირვანქა, ზუსტად კი 986,7 მილიონი გახდა.

ერთი შეხედით გასაკვირია, რომ იურგენ კლოპის გუნდი უფრო ხარჯიანი აღმოჩნდა, ვიდრე „მანჩესტერ სიტი”, რომელიც ყბადაღებული არაბული ფულითაა „ნაშენები”. განსხვავება 50 მილიონია.

კლოპს ჰყავს ორი ვარსკვლავი, რომელთა ფასიც სათითაოდ 100 მილიონზე მეტია. ლაპარაკია მოჰამედ სალაჰსა და სადიო მანეზე. ორივე 108 მილიონ გირვანქად არის შეფასებული.

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ფასი 99 მილიონი გირვანქაა, კიდევ ხუთი ფეხბურთელი კი 50 მილიონზე მეტი ღირს.

ზემოთ „მანჩესტერ სიტი” ვახსენეთ. „ქალაქელების” გუნდი 933 მილიონი ღირს და უსწრებს „ბარსელონას”, რომლის ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება 910 მილიონის ტოლია.

მეოთხე ადგილზეა „ჩელსი”. გამოდის, რომ ფეხბურთელების ფასის მიხედვით ოთხეული პრემიერლიგის კლუბებს აქვთ დაპყრობილი.

„ლურჯებმა” ამ ზაფხულს შვიდი ახალი ფეხბურთელი შეიძინეს, მათ შორის კაი ჰავერცი, ტიმო ვერნერი და ბენ ჩილუელი.

გასაკვირია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” ამ სიაში მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა. ის „ლივერპულს” თითქმის 300 მილიონით ჩამოუვარდება.

ჩამონათვალში „იუნაიტედი” „რეალსა” და „ბაიერნს” შემდეგ მოდის.

სიის ბოლო, მე-20 ადგილზეა პორტუგალიური „ბენფიკა”.