„ტოტენჰემ ჰოთსპურს” კარაბაოს თასზე „ლეიტონ ორიენტთან” თამაშს ალბათ გადაუდებენ. მიზეზი: „ლეიტონ ორიენტის” მთელი გუნდი covid 19-ით არის ავად.

თამაში დღეს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ინგლისური მას-მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ „ლეიტონის” ფეხბურთელების ბოლო ტესტირებამ სავალალო შედეგი აჩვენა — მეორე ლიგის გუნდის 18 ფეხბურთელს დადებითი პასუხი მოუვიდა.

თამაშის გადადება თუ გაუქმება „ლეიტონ ორიენტისთვის” მატერიალური დარტყმაა — ის ხომ  „სფურზს” უნდა შეხვედროდა, რის გამოც მატჩის ტრანსლაცია „სქაი სპორტზე” იგეგმებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ლეიტონელებს 100 000 გირვანქა უნდა მიეღოთ.

ბედის სიმუხთლემ „ლეიტონს” შოკი მოჰგვარა, კლუბმა გამოსავლის ძებნა დაიწყო და ინგლისის ფეხბურთის ლიგას „ტოტენჰემთან” ყმაწვილთა გუნდის თამაშიც კი შესთავაზა. ლაპარაკია ბავშვებზე, რომლებსაც დიდ გუნდთან ხელშეკრულებებიც კი არ აქვთ გაფორმებული.

თავის მხრივ „სფურზს”, რასაკვირველია, „ლეიტონ ორიენტის” გაგონება აღარ უნდა. ლონდონელებს ევროლიგაზე აქვთ სათამაშო და ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ვინ გარისკავს.