
კვირას, „ლივერპულთან” შეხვედრაში, „ჩელსის” ბასკმა მეკარემ კეპა არისაბალაგამ უხეში შეცდომების სიას კიდევ ერთი დაამატა. ამის შემდეგ, დასავლეთლონდონური კლუბის ფანები უკვე მოუთმენლად ელიან, როდის ჩავა მათთან „რენის” კარის მცველი ედუარ მენდი და როდის დაიკავებს ადგილს ძელებს შორის.
თამაში „სტემფორდ ბრიჯზე” მიმდინარეობდა. „ლივერპული” 1:0-ს იგებდა, როდესაც კეპამ, რომელიც 3 ოქტომბერს 26 წლისა ხდება, მისთვის უკვე ტრადიციად ქცეული რამ გააკეთა — „უღრუბლო ვითარებაში” სადიო მანეს მეორე გოლი შეაგდებინა.
თითქოს განზრახ, კეპას მორიგი შეცდომა დაემთხვა იმ დროს, როდესაც „ჩელსიმ” „რენთან” მეკარის თაობაზე მოილაპარაკა, ხოლო ფრანგული გუნდის მწვრთნელმა ჟულიენ სტეფანმა განაცხადა: „ის, რომ ედუარი დაგვტოვებს და „ჩელსიში” წავა, ფაქტია. ახლა, ჩვენ უნდა დავიწყოთ მეკარის ძებნა და რაც შეიძლება სწრაფად შევცვალოთ მენდი. კანდიდატებს ჯერ ვერ დაგისახელებთ, რადგან დღეისათვის კონკრეტული არაფერია”.
საინტერესოა, რომ ცნობა ედუარ მენდის „ჩელსიში” გადასვლის შესახებ, თავის „ტვიტერზე” დაბეჯითებით დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ. მან თქვა, რომ მენდი „ჩელსიში” 100%-ით გადასულია, მხარეებს ხელშეკრულებაზე უკვე ხელიც აქვთ მოწერილი და დასავლეთლონდონური კლუბი ამ ამბავს ოფიციალურად შემდეგ კვირაში გამოაცხადებს.
შემდეგ ოთხშაბათს „ჩელსის” „კარაბაოს თასზე” „ბარნსლისთან” აქვს შეხვედრა.
კეპამ კი ყველაფერი თავს უნდა დააბრალოს. მიმდინარე სეზონის პირველ შეხვედრაში, „ბრაიტონის” წინააღმდეგ, მან ლეონარდო ტროსარდსაც ვერ აუღო შორიდან დარტყმული.
სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ არისაბალაგას უკვე შემაშფოთებელი მაჩვენებელი აქვს: მის კარში სწორად წასული ბოლო 16 დარტყმიდან 11 გაუშვა.
კეპა „ჩელსიში” „ბილბაოდან” 2018 წელს გადავიდა. „ლურჯებმა” მასში მეკარისთვის სარეკორდო 71 მილიონი გირვანქა გადაიხადეს. 28 წლის მენდი „ჩელსის” 22 მილიონი უჯდება.