ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმუნული „უნივერსიტატიასა“ და რუსული „დინამოს“ დამარცხებით თბილისის „ლოკომოტივმა“ უკვე გამოიმუშვა 780 000 ევრო. აქედან 240 000 მონაწილეობისთვის, 260 000 „უნივერსიტატიას“ ბარიერის გადალახვისთვის და შესაბამისად მეორე ეტაპზე მონაწილებისთვის, 280 000 კი – მოსკოვის „დინამოს“ გაგდებისთვის და შესაბამისად მესამე ეტაპზე მონაწილეობისთვის. ჯამში 780 000.

დიახ, ევროპა ლიგაზე მხოლოდ მონაწილეობისთვის უეფა კლუბს 240 ათასით ასაჩუქრებს. სწორედ ამ თანხას მიიღებენ ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“.

და რა იქნება შემდეგ? მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლისთვის, ანუ ფლეი-ოფის საგზურის მოპოვებისთვის კლუბები დამატებით 300 000 ევროს მიიღებენ. როგორც იცით, თბილისის „დინამო“ ფარერებზე „კლაკსვიკს“ ხვდება, ხოლო „ლოკო“ ასევე სტუმრად ესპანურ გრანადას ეთამაშება.

ფლეი-ოფის გადალახვის შემთხვევაში კი ჯგუფური ეტაპია. ახლა დავთვალოთ: ჯგუფში მხოლოდ მონაწილეობისთვის თითოეულ კლუბს 2,92 მილიონი ევრო ერგება.ყველა, ექვსივე მატჩი რომ  წააგოს, მაინც…

ცხადია, ჩემპიონთა ლიგაში სხვა თანხებია. აგერ, მაგალითად თბილისის „დინამომ“ ალბანურ „ტირანასთან“ პირველ საკვალიფიკაციოზე მონაწილეობისთვის 280 000 ევრო გამოიმუშავა. მაგრამ რომ მოეგო და მეორე ეტაპზე გასულიყო, დამატებით 380 000 ევროს იშოვიდა. მეორეც რომ გადაელახა, ანუ „ცრვენა ზვეზდა“ დაემარცხებინა და მესამე ეტაპზე გასულიყო, ზემოდან კიდევ 480 000 ევრო… თუმცა როგორც წესი, ქართული კლუბები ჩემპიონთა ლიგაში შორს ვერ მიდიან, არადა რა თანხებია?!

ისე, რამხელა სხვაობაა: თუ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობისთვის უეფა ყველა კლუბს 2,92 მილიონს უხდის, ჩემპიონთა ლიგაში ეს თანხა 15,25 მილიონია!