ყველა აქ შეკრებილა და ვინღა გვაკლია?
გასაგებია ვინც. ის. ააა, უკვე აღარ გახსოვთ?
გაგახსენებდათ თავს, აქ რომ იყოს. მსუბუქი პანიკა გადაურბენდა ყველას. ვერც მარიო ზაგალო იქნებოდა ასე თამამი. ვერც ბერტი ფოგთსი და გლენ ჰოდლი გაიბღინძებოდნენ აგრერიგად.
ეჰ, ახლა რომ აქ იყოს, მინდორზე, მაგრამ მისი ამბავი დამთავრებულია. უკვე კარგახანია. თითქოს იბრძოდა, არ უნდოდა, უფრო სწორად კი უნდოდა, მაგრამ ზღაპარი იყო.
ახლა ამბობენ ჩამოდისო (თუ უკვე არ ჩამოვიდა) რეპორტაჟები უნდა წაიყვანოს და ამას ხალხის სამსახურს ეძახისო. უცნაური და ახირებული კაცია, მაგრამ ვერასგზით დაივიწყებ.
უკვე აღარ გახსოვთ? როგორ არა. წარმოუდგენელია არ გახსოვდეთ.
ბიძაკაცსა ჰგავს, სათვალით დადის, ვითომ დიდი პროფესორი იყოს. ექვსი წლის წინათ კოკაინით ხელში რომ დაიჭირეს, პოლიციელმა უთხრა: “არა გრცხვენია? ხალხისთვის სამაგალითო უნდა იყო, შენ კიდევ რა დღეში ხარ?”
“სამაგალითო?” – გულწრფელად გაუკვირდა – “რომელი პროფესორი მე ვარ? სკოლაში ხეირიანად არც კი მივლია”.
დიეგო არმანდო მარადონას დღევანდელი ცხოვრება, ისევე როგორც გუშინდელი, რთულია. ასეთი დაიბადა, ბედი არასოდეს უღიმოდა. რასაც მიაღწია, მხოლოდ თავისით. თავადვე დაიწყო საკუთარი სასახლის ნგრევა და რა გასაკვირია, რომ სხვებიც სიხარულით დაეხმარნენ. ეგებ ამ საქმეში ღმერთის ხელიც ერია.
ის დღესაც საყვარელ, ღმერთის მიერ გამოგზავნილ კაცად მიაჩნიათ. განსაკუთრებით კი ბოკაში. პორტენოთა შორის კვლავ ისეთივე მნიშვნელობის ადამიანად რჩება, ქრისტეფორე კოლუმბს რომ შეშურდება. როდესაც ის “ბომბონიერაზე” მოდის და ლოჟაში ჯდება, ხალხი ფეხბურთს აღარ უყურებს. “დიეგო, დიეგო, დიეგო…” – ყვირიან გაუთავებლად. აქ ის ნამდვილი მეფეა. თუმცა, მაშინ დაბრუნდა, როცა ყველა და ყველაფერი დაიპყრო. თითქოს უნდოდა, მშვიდად, საყოველთაო აღტაცებით გარემოცულს დაესრულებინა კარიერა. დასრულება კი უჭირდა, არ შეეძლო. ალბათ, ეგონა, რომ რაღაც დააკლდა. არგენტინის ჩემპიონობა მაკლიაო. საკვირველია, არა? ვერ გახდა. ორჯერ გული წაუვიდა. ერთხელ კლინიკაში დაწვა. ვერ მოერია. ივარჯიშა. კვლავ არაფერი, ბოკაში კი მაინც ელიან. ახლა გულშემატკივრები შეკრებილან და აცხადებენ, ჩვენი კლუბის მთავარ მწვრთნელად უნდა დაინიშნოსო. ბოკა ერთადერთია, სადაც მას ყოველთვის ლოცვით შეხვდებიან.
სხვა კი, რა?
საგანგებო ნებართვაა საჭირო, რომ ქვეყნის საზღვრები დატოვოს. სასამართლომ პირობითი სასჯელი აკმარა. ჟურნალისტებს არ ელაპარაკება. ადრე ამბობდა, რომ მის წინააღმდეგ მსოფლიო შეთქმულება მოქმედებდა. ახლა აღარაფერს ამბობს, ან ჰგონია, რომ შეთქმულები მოერიენ, ან აღარ სჯერა, რომ შეთქმულება არსებობდა. წარამარა იჭერენ მის შერჩენილ ახლობლებს, ნარკოტიკებისთვის ციხეში იჯდა მისი მთავარი მესაიდუმლე და მოხერხებული მენეჯერი გილერმო კოპოლა. გილერმო სასამართლომ გაათავისუფლა. დიეგო კი მაინც მარტოა. ბევრმა ზურგი აქცია.უფრო მეტიც, ლანძღვა დაუწყო. მეგობართაგან თითქმის არავინ შერჩა. მამამის ჩიტოროს გულმა შემოუტია. იტალიაში პატარა ბიჭის მამად ცნეს, ტვინში დარღვევები აღმოუჩინეს. მკლავზე ერნესტო ჩე გევარას სახე ამოისვირინგა – აქაოდა, ორი სახალხო გმირი გავაერთიანეო. არავინ იცის, გადაეჩვია თუ არა კოკაინს. მისი უსაყვარლესი მწვრთნელი, კარლოს ბილარდო კი ამბობს, რომ დიეგოს წარსულზე არ უნდა ელაპარაკო. ბილარდოს სჯერა, რომ მარადონა დასძლევს თავის ავადმყოფობას. ესე იგი, პრობლემა რჩება.
მთელს ამ ორომტრიალში დიეგოს ორი ნაღდი მეგობარი შერჩა. ახლო წარსულის პოპულარული ფეხბურთელები, კარლოს ფრენი და სერჯიო ბატისტა. ბატისტა მარადონასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონიც გამხდარა, ფრენი კი ჯერ კიდევ მაშინ თამაშობდა “არგენტინოს ხუნიორსში”, როცა იქ პატარა დიეგო მიიყვანეს. მერე მარადონა და ფრენი ერთად ეჭიდებოდნენ მწვრთნელობას. 1994 წელს პატარა “მანდიუს” წვრთნიდნენ, ორი წლის შემდეგ კი ბაირესის “რასინგს” უსარდლეს ორიოდე თვით. ბატისტა კი მაშინ ამოუდგა მხარში მარადონას, როცა ამ უკანასკნელს ძალიან უჭირდა.
ახლა, როცა “ბოკას” მწვრთნელი ექტორ ვიერა გადააყენეს, ხალხი მარადონას სარდლობას ითხოვს. ასეთ შემთხვევაში ფრენი კვლავ მის გვერდით იქნება. დიეგო ჩუმადაა, თუმცა ყველამ იცის, რომ მას სხვა ოცნებაც აქვს – სერია B-ში გავარდნილი “ნაპოლის” მწვრთნელობა სწადია. ბოკას შემდეგ ნეაპოლი მეორე და უკანასკნელი ადგილია, სადაც მარადონას ღმერთის ხელად მიიჩნევენ.
ღმერთის ხელის ცხოვრება რთულია.
ის თითქოს დააავიწყდათ. ესაა და ეს, რაც მისგან დარჩაო.
მისგან კი, რა დასამალია და, ღმერთის ხელზე ბევრად მეტი რამ დარჩა. ინგლისელი რომ ვიყო, ვერც მე მოვიშლიდი ენამწარობას. აბა, როგორ დაივიწყებ ასეთ ამბავს?
თუ ბუენოს აირესის ქუჩებიდან პარიზის მინდვრებზე დავბრუნდებით, ის სხვაგვარად გაგვახსენდება.
რადგან, მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი და ეს მსოფლიო ჩემპიონატი უკანასკნელ 16 წელიწადში პირველია, მის გარეშე რომ ტარდება, დიეგო მარადონა მინდორზე არ არის და აღარც არასოდეს იქნება. მაგრამ აი, რა არის ცუდი – არც არავინ ჩანს, რომ მას ოდნავ მაინც ჰგავდეს. არ ჩანს ასეთი კაცი. არგენტინის ნაკრებში მისი მაისური არიელ ორტეგას აცვია. ღმერთმა კარგ გზაზე ატაროს, მაგრამ იმაზე მეტი, რაც ახლაა, ორტეგა ვეღარ იქნება. რად გინდა ამაზე მეტიო, იკითხავთ თქვენ და მე შემიძლია გიპასუხოთ, რომ მინდა, იმიტომ, რომ ის მახსოვს.
გასაგებია, დაჯექი და უყურებ ბრაზილიელებსო. რონალდოც აგერ არისო. ვიცი, რაც არის, ვიცი, რომ ძალიან შთამბეჭდავია და საუცხოო შევარდნა იცის. არაფრის ეშინია და ფეხებში ჯადო აქვს. მაგრამ რა ვქნა? მეტი მინდა. მინახავს ეს “მეტი” და იმიტომ.
არ ჩანს ეს მეტი.
არ ჩანს ისეთი ფეხბურთელი, 1982 წელს უნგრელებთან მოთამაშე მარადონას რომ ჰგავდეს. არც ისეთი ფეხბურთელი ჩანს, 1986 წლის მარადონა რომ გაგვახსენოს. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ისეთი ჩანს, როგორიც 1990 წელს რომ იყო მარადონა – სახეცვლილი, მოღლილი, გამოფიტული და მაინც არაადამიანურად მებრძოლი. მე თუ მკითხავთ, ის ოთხი წლის წინადაც საუცხოო იყო და თუ რას ნიშნავდა თავისი გუნდისთვის, იქვე დამტკიცდა.
ეფედრინი. არ გამოვა მინდორზე საუკუნოდ ყოფნა. სერ სტენლი მეტიუზის დროება კარგა ხანია წავიდა, მარადონა კი იმგვარი ხელმწიფე იყო, წასვლა რომ უჭირდა, მიზეზად აპერტურას მოგება ჰქონდა, მოვიგებ და წავალო. როგორც ხშირად, ალბათ ამის თქმისასაც ცრუობდა. მიზანი სხვა ჰქონდა – აქეთ, საფრანგეთისკენ მოიწევდა. არ გამოუვიდა და წარმოუდგენელიც იყო. კარი კარგა ხნის მოკეტილი ჰქონდა, აღარც იყო საჭირო ამგვარი რამ. თუმცა, თვითონ, ალბათ უნდოდა დაბრუნებულიყო. მისი ყოველი დაბრუნება ხომ ბრძოლის გაგრძელებასს ნიშნავდა?
და მაინც, იქნებოდა მსუბუქი პანიკა: ის აქ არის, ის აქ არის… ის პირშავი “ღმერთის ხელი”. ახლა რაღა უნდა გამოიგონოს? რა უნდა ჩვენგან?
რომც ყოფილიყო ოცდაორ არგენტინელს შორის, მაინც სკამზე იჯდებოდა. გამოჩნდებოდა ხოლმე ბოლო წუთებში. ვთქვათ, იამაიკელთა წინააღმდეგ. მაგრამ ფეხბურთი კარგა ხანია აღარ არსებობს ასეთი შეგრძნებისთვის. გუნდში ადგილი ძვირად ფასობს და სჯობს მოვეშვათ ამ უტოპიურ ლაპარაკს, რადგან შარშანწინაც კი ცხადი იყო – პასარელა გულშიაც არ გაივლებდა დიეგოსთან ლაპარაკს.
ტესტები კვლავ ნარკოტიკის კვალს უჩვენებდა. ერთხელ ბოკას ბაზაზე პოლიციელთა მთელი ბრიგადაც კი მოვიდა, ცნობა გვაქვს, თქვენი ფეხბურთელები კოკაინს დაჩვევიან და რამდენიმე მათგანი უნდა გამოვიკვლიოთო. წესისმამებრ, გასინჯეს ერთხელ, მეორედ და კვლავ შეთქმულების გამო წაილუღლუღა რაღაც – წავალ, დავიკარგები ამ ქვეყნიდან, სადაც ყველას ვეზიზღები ჩემი ოჯახის წევრებისა და ბოკელი ხალხის გარდაო.
ოთხმოციანი წლების ნეაპოლში, სადაც მარადონა კოკაინს დაეჩვია, მას ერთადერთი კაცისა სჯეროდა. საღამოობით, როცა დიეგოს თრიაქის სურვილი მოეძალებოდა, მისი ახლანდელი ცოლი კლაუდია ახალგაზრდა თანაგუნდელს, ჩირო ფერერას დაურეკავდა ხოლმე. ჩირო მანქანით გამოივლიდა და ორივენი პიცერიაში მიჰყავდა. ყოველი კოკაინისგან თვისუფალი საღამო დიდი ბედნიერება იყო. ჩირო გაუთავებლად ლაქლაქებდა და ხუმრობაში მუდარასა და რჩევასაც გამოურევდა ხოლმე. დიეგოც ჯავრს გადაიყრიდა გულიდან.
ვინ იცის, ჩიროსნაირი ხალხი მეტი რომ ჰყოლოდა გარშემო, საქმე როგორ წავიდოდა.
გაგახსენებდათ თავს, აქ რომ იყოს. მსუბუქი პანიკა გადაურბენდა სტადიონებს. დაბალი, კოტიტა, მოხერხებული, ეშმაკი, გენიალური, დიდი და უბედური მბრძანებელი. მერე ასე ვეღარავინ დაიჭერდა თავს.
ეცოდინებოდა, რომ ის აქ არის.
ის კი ტყუილად არ მოვიდოდა, რადგან სილამაზეს ქმნიდა ღმერთის ხელითაც და მის გარეშეც. ქმნიდა სილამაზეს და იმარჯვებდა. თუმცა, მარცხიც მისი მარადიული თანამგზავრი იყო.
23.06.1998