გაჟონა ინფორმაციამ, რომ დღეს „ტოტენჰემ ჰოთსპურის” პრეზიდენტმა დენიელ ლევიმ გარეთ ბეილთან გოლფი უნდა ითამაშოს. მანამდე ამბობდნენ, რომ „რეალის” უელსელი ვარსკვლავი „სფურზთან” ურთიერთობის გასაოფიციალურებლად ლონდონში დღეს ჩადის.

როდესაც გოლფკლუბ ჰეიდლი ვუდში ჩანიშნული თამაშების სია გასაჯაროვდა, „დეზების” გულშემატკივრები სიხარულით მეცხრე ცას ეწიენ. მათ ჩათვალეს, რომ ეს უკვე ბეილის ტრანსფერს ნიშნავს. ამბობენ, ბევრმა იქვე, კლუბში, იმავე საათებში ჩაი შეუკვეთა, ფეხბურთელი თავისი თვალით რომ დაინახოს და ყველაფერში დარწმუნდესო.

თუ ეს მართალია, ლევისთან ერთად ბეილთან შეხვედრას ლონდონელთა მთავარი სკაუტი სტივ ჰიტჩინიც დაესწრება.

სოციალურ ქსელებში, ცხადია, დიდი ამბავი ატყდა. ერთმა საყვედურით დაწერა, თუ ბეილი და ლევი ერთმანეთს ხვდებიან, ამის შესახებ საქვეყნოდ უნდა გამოეცხადებინათო. მეორემ უპასუხა, რომ ასეთ რაღაცებს არ აქვეყნებენ.

ჰეიდლი ვუდის გოლფ კლუბმა მოგვიანებით ყველას ცივი წყალი გადაასხა. მან განაცხადა, ეს ყველაფერი ხუმრობაა, ჩვენ კი ვიხეირეთ, რადგან პარასკევ შუადღეს ჩაიზე ამდენი შეკვეთა არასდროს გვქონიაო.

ცნობილია, რომ ბეილი ლონდონში გაფრენის წინ „რეალის” თანაგუნდელებს უკვე გამოემშვიდობა. ფოტოებიც იყო, როგორ მიდის 31 წლის უელსელი „ლოს ბლანკოსის” ბაზაზე მანქანით. თავისთავად დიდი არაფერი ფოტოები იყო — ბუნდოვნად ჩანს შავი „აუდი” და შიგ მჯდომი თეთრტანსაცმლიანი კაცი, რომელიც სავარაუდოდ გარეთ ბეილია.

ამბობენ, რომ ბეილმა, რომელსაც ესპანეთის სახლში თავისი გოლფის მოედანი აქვს, სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

შეგახსენებთ, რომ ის თავის ყოფილ გუნდს ერთი სეზონით, იჯარით უნდა დაუბრუნდეს. „ტოტენჰემი” ამ იჯარაში „რეალს” 20 მილიონ გირვანქას უხდის.

2013 წელს, გარეთ ბეილი „რეალმა” „ტოტენჰემისგან” იმხანად მთელი მსოფლიოსთვის სარეკორდო თანხად, 85 მილიონ გირვანქად იყიდა.

„რეალში” ბეილს კვირაში 650 000 გირვანქის ტოლი გასამრჯელო ჰქონდა. „ტოტენჰემში” გადასვლის შემდეგ, ამ თანხის ნახევარს ლონდონელები დაფარავენ, ნახევარს კი მადრიდელები.