ლევან კელაურაძის ეს წერილი-წინასწარმეტყველება გაზეთ „სარბიელში“ 2003 წლის 30 აპრილს, საქართველო – რუსეთის შესარჩევი მატჩის წინ დაიბეჭდა. მაშინ ჩვენებმა რუსების მთავარ გუნდს 1:0 სძლიეს და უდიდესი სიხარული მოგვგვარეს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმც მტერი მტრად დარჩა. 

17 სექტემბერს კი თბილისში სწორედ ამ ოკუპანტების გუნდი ითამაშებს – ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივი“ მოსკოვის „დინამოს“ უმასპინძლებს. მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება. ის მატჩიც სანახევროდ ცარიელ ტრიბუნების წინ შედგა… ხსენებულ წერილს ახლაც მატჩის წინ ვაქვეყნებთ. წაუკითხეთ ის ქართველ ფეხბურთელებს და წარმატება უსურვეთ…

იცოდეთ, რომ: 

როცა მთავრდება დიპლომატია, იწყება ომი. როცა მთავრდება ომი, იწყება ფეხბურთი.

როდის იომეს ბოლოჯერ ინგლისელებმა და გერმანელებმა? – მოდით ამაზე საპასუხოდ ნუ მოვიხმობთ მაინდამაინც ჰენრი კისინჯერს. ინგლისელები და გერმანელები ბოლო ათეული წლებია, ერთმანეთს ფეხბურთით ეომებიან.  გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ ინგლისურ-გერმანული საფეხბურთო ომები კაცობრიული ყოფის ერთ ყველაზე შუშპარა, დასამახსოვრებელ ფიესტად ქცეულა.

და როდის იომეს უკანასკნელად ქართველებმა და რუსებმა?

ვაგლახ – ქართველებს და რუსებს საომარი ჯერ კიდევ წინ აქვთ.

პირდაპირ ვთქვათ:

ჩვენ არ გვიყვარს ეს ქვეყანა.

მეტიც – ჩვენ გვძულს ეს ქვეყანა.

მაგრამ ეს ქვეყანა არსებობს.

და ჩვენ ამ ქვეყანასთან ჩვენი გადამწყვეტი ომი ჯერ არ გვიომია.

პირფერობა, ფარისევლობა და სიყალბე!!! რაც იგივეა – საცივი, ხვანჭკარა და მიმინო!!!

რეალურად კი:

სამი საუკუნე, რომლის განმავლობაშიც რუსებს არ შეუსრულებიათ ქართველებთან დადებული არც ერთი ხელშეკრულება.

ქართველები კი ყოველთვის ყველაზე ლამაზად იხოცებოდნენ რუსეთისათვის…

ჩვენ მათი ვალები გასტუმრებული გვაქვს!!!

დღეს ომია.

ამიტომ ნურავის გაუკვირდება:

რუსულ ძერჟავული ჰიმნისას იქნება სტვენა და გინება და როცა რუსთა მეკარე კარიდან ბურთს გამოიღებს, ქართველებს თვალებზე სიამაყის ცრემლი მოადგებათ.

ომი ჯერ არ დასრულებულა.

გამოიღეთ, რუსებო… კარიდან ბურთი!!!

30.04.2003

წილი
წინა სტატიაკანკავა-კვეკვესკირი 0:4 ცხადაძე-ჩიხრაძე
შემდეგი სტატიაკორონა უკვე ნაკრებშია
დიონისესთან ხელგადახვეული ლევან კელაურაძე თუ არ გინახავთ, დიდ მოვლენებს თქვენს გვერდით შეუმჩნევლად ჩაუვლია. შუმერებთან და კარდუხებთან გაბაასებული ლევანი ბნელი გარეუბნებიდან გამოსული ოთხოსნებისთვის ნამდვილი განმანათლებელი და უბრალოდ კარგი მეგობარია.