„მანჩესტერ იუნაიტედს” ჯეიდონ სანჩოს გადაბირებაზე ამაო წვალება მობეზრდა და ალტერნატიული ვარიანტი გამოძებნა: ხანმოკლე პერიოდით გარეთ ბეილს შესთავაზა „ოლდ ტრეფორდზე” გადასვლა.

„იუნაიტედს” „რეალის” უელსელი ვეტერანის იჯარით აყვანა ერთი სეზონით სურს. ამასთან, ინგლისური კლუბი მადრიდელებს ამშვიდებს და გაისად ზაფხულზე ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გაგრძელებაზე ჰპირდება დალაპარაკებას.

ბეილი 31 წლისაა. მას კონტრაქტის თანახმად „რელთან” კიდევ ორი წელიწადი აკავშირებს. მისი ხელფასი ბრიტანულ ვალუტაში, კვირაში 650 000 გირვანქაა.

ინგლისურ პრესაში წერენ, რომ „რეალმა” შეიძლება იჯარის ნაცვლად წინასწარი სარტანსფერო თანხა, 18,5 მილიონი გირვანქა მოითხოვოს. „იუნაიტედი” ყველა ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.

თუ ბეილის საქმე გადაწყდება, სანჩო, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ამ ზაფხულს ან საშობაოდ მაინც „ოლდ ტრეფორდზე” აღმოჩნდებოდა, „დორტმუნდში” დარჩება. არადა, მანჩესტერელებს მასთან პირადი საკითხები უკვე შეთანხმებული ჰქონდათ.

სანჩოს შემთხვევაში პრობლემა იმ 108 მილიონი გირვანქის მოძიება გამოდგა, რომელსაც „დორტმუნდი” ითხოვდა.

მოძიება ერთია და „იუნაიტედს” მიაჩნია, რომ დღეს, როდესაც covid 19-მა მთელი მსოფლიო აზარალა, 20 წლის ბიჭში ასეთი თანხის გადახდა მეტისმეტია.

მეორე მხრივ, ოლე გუნარ სულშერის პოლიტიკა სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელების მიზიდვა და მათი „მანჩესტერ იუნაიტედის” ოხშივარში აღზრდაა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემარბის პოზიციაზე ვეტერანის მიწვევას დათანხმდება.

ბეილი გამოცდილი მოთამაშეა. მან ზედმიწევნით იცის ევროპული ფეხბურთი და ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ აქვს მოგებული, ეს კი სწორედ ის ცოდნა და თვისებაა, რომელიც „იუნაიტედს” სჭირდება.

საინტერესოა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” გარეთ ბეილის გადაბირება ყოველთვის უნდოდა, სერ ალექს ფერგიუსონის დროსაც, დევიდ მოიესის დროსაც და ჟოზე მოურინიუს დროსაც.

მოიესი და კლუბის ვიცე-თავმჯდომარე ედ ვუდვორდი 2013 წელს, უელსელს, ქერინგტონის ბაზაზე მისაყვანად ვერტმფრენითაც კი ელოდნენ, მაგრამ ვარსკვლავი მადრიდს გაეშურა და იქ მოაწერა ახალ ხელშეკრულებას ხელი.