პინი ზაჰავი

„ბაიერნის” ყოფილმა პრეზიდენტმა, დღემდე გავლენიანმა ული ჰიონესმა 28 წლის დავიდ ალაბაზე თქვა, „ბაიერნთან” კონტრაქტს იმიტომ ვერ ახანგრძლივებს, რომ 77 წლის სუპერაგენტის პინი ზაჰავის სახით მრჩეველად ნამდვილი პირანია ჰყავსო. ჰიონესი ამტკიცებს, რომ ზაჰავი ალაბასგან თავის საკომისიოდ ორნიშნა რიცხვით გამოხატულ მილიონ ევროს ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალაბას მხარე ტრანსფერით იმუქრება.

ამ უნივერსალური მოთამაშის ყიდვა მართლა უნდათ „მანჩესტერ სიტის”, „პარი სენ ჟერმენს”, „ბარსელონასა” და „რეალს”. მას „ბაიერნთან” ამჟამინდელი კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აქვს, შემდეგ კი თავისუფალი აგენტი ხდება.

პასუხად ავსტრიელმა „ბილდთან” ინტერვიუში განაცხადა:

„ვისურვებდი ჩემი კონტრაქტის შესახებ საჯაროდ არავინ ლაპარაკობდეს. სამწუხაროდ, ბოლო კვირების განმავლობაში წაკითხულმა და მოსმენილმა რამდენიმე გამონათქვამმა გამაკვირვა და გულიც მატკინა. თან, ბევრი რამ უბრალოდ ტყუილია.

დიდი იმედი მაქვს, რომ გამოსავალს მალე ვიპოვნით და როგორც კლუბი, ასევე ამ საქმეში ჩართული პასუხისმგებელი პირები, ჩემი თანაგუნდელები და ფანები გაიგებენ სინამდვილეში რა ხდება. ყველა თავისას მიიღებს.

არ მსიამოვნებს, როდესაც საჯარო დისკუსია მიმდინარეობს მაშინ, როდესაც ბევრი დეტალი ჯერ ცნობილი კი არ არის”.

ჰიონესის კომენტარით აღშფოთება ალაბას მამამ გეორგმაც ვერ დამალა. მან თქვა, რომ მის ვაჟს აქამდეც ბევრჯერ ჰქონდა „ბაიერნიდან” წასვლის შანსი, მაგრამ მან ყოველთვის „რეკორდმაისტერს” უერთგულა და ამიტომ, ახლა, ალაბების სიხარბეზე სპეკულირება ბავარიელთა მხრიდან ბინძური თამაშია და მეტი არაფერი.

როგორც ჩანს ხელფასზეა დიდი ვაჭრობა გახურებული.