პარიზში კრიმინალი მძვინვარებს: რიად მაჰრეზის დები დუნია და ინესი თავიანთ სილამაზის სალონში სცემეს. დები მაჰრეზების გარდა დაზარალდნენ სალონის სხვა თანამშრომლებიც. მათ მუშტიც მოხვდათ და წიხლიც.

ხულიგანთა ჯგუფი, რომელიც სალონს თავს დაესხა, თორმეტი ადამიანისგან შედგებოდა. კონფლიქტს წინ უძღოდა ერთ-ერთი კლიენტის უარი მომსახურეობის საფასურის გადახდაზე. დუნია, რომელსაც თავდასხმის დროს ყელში სწვდნენ და ახრჩობდნენ, არ გამორიცხავს, რომ მათ თავს ცნობილი ძმის გამო დაესხნენ.

ხულიგნებმა სალონი დაუნდობლად დაარბიეს კიდეც.

დუნია: „შოკში ვიყავით. ყველანი დავშავდით. არ ვიცი რატომ მოხდა ასეთი რამ. შეიძლება იმიტომ, რომ რიად მაჰრეზის დები ვართ”.

დუნიამ გაიხსენა, როგორ თქვა უარი მავანმა ქალმა ფულის გადახდაზე, რასთანაც სალონზე თავდასხმა, როგორც ჩანს, რაღაცნაირად დაკავშირებული იყო.

„რამდენიმე წამში, სალონის წინ მოგრიალდა სამი მანქანა, რომლებიდანაც ხულიგნები გადმოხტნენ და რბევა დაგვიწყეს. ისინი იგინებოდნენ, ყველას შეურაცხყოფას აყენებდნენ, ნივთებს იატაკზე ამსხვრევდნენ. ერთი ყელში მწვდა და დახრჩობას მიპირებდა, მეორემ კი ჩემს დას ფეხში ჩაარტყა”.

გააყოლეს თუ არა თავდამსხმელებმა რამე ხელს, ცნობილი არ არის.

რიად მაჰრეზმა კორონა ვირუსის ტესტზე დადებითი პასუხის გამო დების სანახავად საფრანგეთში წასვლა ვერ მოახერხა.