სიმართლე ვთქვათ, US OPEN-ის ქალთა ფინალის წინ ნეიტრალურ ქომაგთა უმრავლესობის სიმპათიები ბელარუსი ვიქტორია აზარენკას მხარეს იხრებოდა – დიდი პაუზის შემდეგ კორტზე ტრიუმფალური დაბრუნება ტურნირის ისტორიის ერთი ულამაზესი ფურცელი გახდებოდა. არადა, რა ახლოს იყო ეს ყველაფერი. საწყისი 9 გეიმის განმავლობაში ვიკა იდეალურ ჩოგბურთს თამაშობდა. ჯერ სეტი 6:1 მოიგო, მერე ბრეიკით 2:0 დაწინაურდა და საკუთარ მოწოდებაზე 40:30 იგებდა…
მერე რაღაც მოხდა, რაც იაპონელმა ნაომი ოსაკამ მარტივად ახსნა: „გავიფიქრე, რომ ერთ საათზე ნაკლებ დროში წაგება დიდი სირცხვილი იქნებოდა და ბოლომდე უნდა მებრძოლა“.
შედეგად ოსაკამ მეორე და მესამე სეტი 6:3, 6:3 მოიგო და ბოლო 25 წლის მანძილზე პირველი შეიქნა, ვინაც პირველი სეტის წაგების შემდეგ ამერიკულ ფინალში იმარჯვა.
სულ ისტორიაში კი მესამე შემთხვევაა, სეტის 1:6 წამგები საბოლოოდ ამერიკის ღიას გამარჯვებული გამხდარიყოს.
ეს ოსაკას მესამე გამარჯვებაა „დიდი მუზარადის“ ტურნირებზე და განახლებულ რეიტინგში მსოფლიოს ექსპირველი ჩოგანი მესამე საფეხურამდე აღზევდება.
ცინცინატის ტურნირის მოგების შემდე მორიგი, 13-საფეხურიანი ნაბიჯი გადადგა აზარენკამაც და ორშაბათიდან მსოფლიოს მე-14 ჩოგანი იქნება.