„ლიდსის” თავდამსხმელმა „ლივერპულთან” შვიდგოლიან თრილერში გადამწყვეტი სიტყვა ბოლოს 20 წლის წინ თქვა, ახლა კი პირიქით მოხდა — „ლივერპულმა” მოიგო! მერსისაიდელთა გამარჯვება ჰეთ-თრიკის ავტორმა მო სალაჰმა გამოჭედა.

და ის, რაც უმაყურებლო „ენფილდ როუდზე” მოხდა, ნამდვილი პრემიერლიგური კლასიკა გახლდათ.

მატჩის წინა დღეებში ინგლისური მას-მედია გაჯერებული იყო თემით „მარსელო ბიელსა მესიაა”, მეორე ადგილზე კი „ელანდ როუდზე” ოდესღაც გამართული შეხვედრის მოგონება, „ლიდსის” მიერ „ლივერპულს” 4:3 ძლევა და მარკ ვიდუკას ოთხი გოლი გახლდათ.

ამჯერად, თამაშის მიწურულს, საბედისწერო როლი „ლიდსში” 28 მილიონ გირვანქად ახალმისულმა გაესპანელებულმა ბრაზილიელმა როდრიგომ ითამაშა — მან თავისი გუნდის საჯარიმოში ფაბინიო წააქცია და მო სალაჰს თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გამარჯვების გოლი შეაგდებინა. ეგვიპტელმა სამიდან ორი პენალტით გაიტანა.

ამრიგად, „ლივერპულმა” 30 წლიანი „გვალვის” შემდეგ მოგებული ტიტულის დაცვა დაიწყო. პირველი სამი ქულა მოპოვებულია.

„ლიდსი”, რასაკვირველია, ცოდო იყო, თუმცა „წითლები” გამარჯვებას იმსახურებდნენ. მათ ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს. ოღონდ ერთია, ეს „ლივერპულის” საუკეთესო თამაში არ ყოფილა.

გასული სეზონის ბოლოს მერსისაიდელების დაცვაში შეცდომები შეინიშნებოდა. როგორც ჩანს ეს შეცდომები არსად გამქრალა. ვირჯილ ვან დაიკმა, მაგალითად, შეგდებული გოლით თავისი კარის წინ დაშვებული უხეში შეცდომა ვერ გადაფარა — მცველმა უპირველეს ყოვლისა მეტოქეს არ უნდა გაატანინოს.

მაგრამ, მთავარი „ლივერპულის” გულშემატკივარმა მაინც იხილა — შედარებით ცუდი თამაშის დროსაც კი დაუოკებელი ლტოლვა გამარჯვებისკენ.

ფაქტია, რომ როგორც პრემიერლიგის ჩემპიონმა ასევე ჩემპიონშიფიდან ახალაღზევებულმა გუნდმა გუშინ „ენფილდზე” სპექტაკლი დადგეს და ძალიან სამწუხაროა, მას მაყურებელი არ დასწრებია. შოუს ინგლისურ მედიაში იურგენ კლოპის მძიმე მეტალი vs მარსელო ბიელსას თეთრი ხმაური უწოდეს.

ანგარიში მე-4 წუთზე პენალტით სალაჰმა გახსნა, რასაც მე-12 წუთზე ჰარისონის საპასუხო გოლი მოჰყვა. მეოცეზე ვან დაიკმა ისევ „ლივერპული” გაიყვანა წინ, მაგრამ 10 წუთში ბემფორდმა გაქვითა. 33-ე წუთზე სალაჰმა ანგარიში 3:2 გახადა, თუმცა 66-ზე მატეუშ კლიხმა ისევ გაათანაბრა და ბოლოს, 88-ე წუთზე მატჩის ბედი სალაჰის მეორე პენალტმა გადაწყვიტა — 4:3.