რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით „ბარსელონამ” პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ტარაგონას „ხიმნასტიკს” 3:1 მოუგო. ამ შეხვედრაში ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ჰოლანდიელმა მწვრთნელმა „ბარსას” ტრადიციული განლაგება შეცვალა: 4-3-3-ის ნაცვლად იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე დამსწრეებმა 4-2-3-1 იხილეს. როგორც კატალონიური „სპორტი” წერს, ლეო მესი ძირითადად თასმებს იკრავდა.
კუმანმა სქემა იმიტომ შეცვალა, რომ მის განკარგულებაში მყოფმა ფეხბურთელებმა თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ. ამას ცხადია, დრო დასჭირდება. მოთამაშეს, რომელიც ცენტრფორვარდის უკან ითამაშებს ადრინელთან შედარებით გაცილებით მეტი თავისუფლება მიენიჭება.
„ნახევარდაცვის სისტემა წინა წლებში ნაჩვევთან შედარებით ცოტა განსხვავებულია, მაგრამ გუნდში საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ საიმისოდ, რომ ახალი ტაქტიკა გაითავისონ. ჩვენ ვაპირებთ ბურთი მეტოქის კარისკენ, მოედნის სიგრძეზე გაცილებით სწრაფად გადავიტანოთ, მეტოქის ხაზები სწრაფად გავიაროთ და გოლების გასატანად სახიფათო მომენტები შევქმნათ” — უთხრა კუმანმა Barça TV-ს.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, კუმანმა თქვა, რომ სურს გუნდმა სეზონი უფრო მაღალი ინტენსივობით დაიწყოს და ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული ნახევარდაცვაში დაგეგმილ ცვლილებებზე.
„ეს იყო ჩვენი პირველი მოსამზადებელი შეხვედრა და ამიტომაც ითამაშა ყველამ თითო ტაიმი. ფეხბურთელებმა თამაშის ინტენსიური რიტმი უნდა უზრუნველჰყონ. მეორე ტაიმს პირველთან შედარებით არაუშავდა. გვაინტერესებდა როგორ შევძლებდით სწრაფად თამაშს. შედეგზე მეტად სწორედ ტემპი მაინტერესებდა. ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ აგრეთვე ის, რომ არავინ დაშავდა.
ბიჭებით კმაყოფილი ვარ. საქმეში ვნახე ზოგი ისეთიც, ვისაც აქამდე არ უთამაშია. რასაკვირველია, გამოსასწორებელი ყოველთვის არის რაღაც, მაგრამ მთავარია, რომ მხოლოდ ორკვირიანი წვრთნის შემდეგ ყველაფერი კარგად მიდის.
ჩვენ სეზონისთვის მოსამზადებლად საჭირო ექვსი კვირა არ გვაქვს. სულ ოთხი კვირა მოგვეცა და ისიც, ზოგი ფეხბურთელი ნაკრებში გამოძახებისა და ზოგიც ტრავმის გამო სრულიად ვერ ვავარჯიშეთ. ახლა მნიშვნელოვანია, ყველა შეერწყას გუნდს.
წინ კიდევ ორი კვირა გვაქვს. ამ ხნის განმავლობაში ფიზიკური მომზადებაც უნდა ავიმაღლოთ და ტაქტიკურადაც დავხვეწოთ თამაში”.