ჯერ კატასტროფული არაფერი მომხდარა, მაგრამ: რუსული ვოლგოგრადის „როტორმა“ დაადასტურა, რომ გუნდის 6 ფეხბურთელს და ადმინისტრაციის ორ წევრს კორონავირუსზე ტესტმა დადებითი შედეგი უჩვენა.

გუნდში სულ 16 ჯანმრთელი ფეხბურთელი დარჩა, რომელთა შორის ვოლგოგრადში იჯარით გადაბარგებული სოლომონ კვირკველია და ზურიკო დავითაშვილიც არიან. „როტორის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ კვირას „კრასნოდართან“ გასამართ მატჩს არაფერი ემუქრება, თუმცა „როსპოტრებნადზორს“ შეუძლია, მთელი გუნდი ორკვირიან კარანტინზე გადაიყვანოს. ორკვირიანი უქმობა ჩვენს ფეხბურთელებს ნამდვილად არ წაადგებათ, განსაკუთრებით კი კვირკველიას, რომელიც ეროვნული გუნდის საკვანძო ფიგურათაგანია.
გუშინ უკვე გაცნობეთ, რომ „როტორთან“ კონტრაქტი ტრავმის გამო ჯანო ანანიძემ გაწყვიტა და ოქტომბერში ნაკრებს ვერც ის დაეხმარება.