სერ გარი ლინეკერი

დღეს პრემიერლიგის ახალი სეზონი იწყება, ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა და ერთ-ერთი ან ერთ-ერთის გარეშე ყველაზე ავტორიტეტული ტელეწამყვანი გარი ლინეკერი კი ამბობს, რომ მათი ქვეყნის ჩემპიონატში ხშირად ყოფილან დიდი გუნდები, რომელთაც გაუმარჯვიათ, მაგრამ შემდეგ სეზონში ტიტული ვეღარ შეუნარჩუნებიათ.

ნეტავ „ლივერპულიც” ძველ შეცდომებას დაუშვებს? — კითხულობს ის.

ასე იქნება თუ ისე, ლინეკერი ახალ სეზონში წინასთან შედარებით უფრო დაძაბულ კონკურენციას ელის და მიაჩნია, რომ მწვავე შეჯიბრება ერთი გუნდის ტრიუმფალურ სვლას სჯობს. ლინეკერის აზრით ახალ სეზონში „ლივერპულსა” და „მანჩესტერ სიტის” შორის 50/50-ის მოწმეები გავხდებით.

„მაგრამ, თუ მაინცა და მაინც რომელიმე გუნდს უნდა მივანიჭო უპირატესობა, მაშინ წინ გვარდიოლას ბიჭებს დავაყენებ, ოღონდ ასე: 51/49″, — ამბობს ყოფილი თავდამსხმელი და დასძენს, რომ „ლივერპულის” თავკაც იურგენ კლოპს ტიაგო ალკანტარა რომ ეყიდა, მაშინ ასე არ ილაპარაკებდა. ექსპერტის აზრით ალკანტარა დიდებული ფეხბურთელია და თუკი ის თავდამსხმელთა შესანიშნავ ტრიოს, რობერტო ფირმინოს, სადიო მანესა და მო სალაჰს ზურგიდან დაეხმარებოდა, „სიტის” ზემოთნახსენები ერთპროცენტიანი უპირატესობა აღარ ექნებოდა.

ლინეკერი: „მაგრამ გამოცდილება გვკარნახობს, რომ თუკი ტიტულის მფლობელს წინა წლის სტანდარტის შენარჩუნება უნდა, ჯიბეზე ხელი უნდა გაიკრას”.

მაგალითისთვის შორს წასვლა არ არის საჭირო, საკმარისია „მანჩესტერ სიტის” შარშანდელი ზაფხული გავიხსენოთო, გვეუბნება მიმომხილველი და დასძენს, რომ წლეულს „ქალაქელებმა” უკვე იკადრეს და სუსტი პოზიციების გაძლიერება დაიწყეს.

„მე ძალიან მომწონს ნათან აკე, მჯერა, რომ ის გვარდიოლას ხელში გაიხსნება, მაგრამ „ეტიჰედზე” კიდევ ერთ ცენტრალურ მცველსაც ველი”, — ამბობს „ლესტერის”, „ევერტონის”, „ბარსელონასა” და „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ყოფილი ვარსკვლავი.

ორი ტოპ გუნდის შემდეგ, ლინეკერს „ჩელსისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” ეიმედება. ის აქაც სატრანსფერო საქმეებზე ამახვილებს ყურადღებას და ხაზს უსვამს, რომ დასავლეთლონდონური კლუბი „ჩელსის” მწვრთნელ ფრენკ ლემპარდს მხარში დაუდგა, როდესაც კაი ჰავერცი, ტიმო ვერნერი და ტიაგო სილვა აყიდინა. თუმცა, ექსპერტის აზრით მხოლოდ ახალი ფეხბურთელების ყიდვა არაფერს ნიშნავს თუ ლემპარდმა ისინი გუნდს არ მოარგო და არ გამოიყენა.

„და კიდევ, არ ვარ დარწმუნებული, რომ „ჩელსის” კარგი მეკარეები ჰყავს. კეპა არისაბალაგასა და ვილი კაბალიეროს შორის ასარჩევად არ უნდა გქონდეს საქმე”, — დასძენს ის.

„მანჩესტერ იუნაიტედს” კი ოლე გუნარ სულშერის ხელში პროგრესი ეტყობა. სულშერმა იყიდა 23 წლის შესანიშნავი ჰოლანდიელი ფეხბურთელი დონი ვან დე ბეეკი და ინგლისელი ჯეიდონ სანჩოს „დორტმუნდისგან” გადაბირებასაც ცდილობს. ლინეკერის აზრით „იუნაიტედს” კარგი სეზონი ელის და ოთხეულში მოხვდება.

იმ გუნდებს შორის, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილებისთვის იბრძოლებენ, 1989 წლის თასების თასის მფლობელი „არსენალს” გამოჰყოფს. ის ამბობს: „მართალია, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ამ კლუბმა ჯერჯერობით იყიდა ბრაზილიელი მცველი გაბრიელია, მაგრამ პიერ-ემერიკ ობამეიანგის შენარჩუნება ისეთი დიდი საქმეა, რომ ამისთვის ფულის დაზოგვა ღირდა. კარანტინის შემდეგ განახლებულ ჩემპიონატში ობამეიანგმა აჩვენა, რომ მსოფლიო დონის თავდამსხმელია და „მეთოფეებისთვის” მისი შენარჩუნება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

ლინეკერი: „მე თუ მკითხავთ, ოთხეულს „არსენალი” უფრო შეავიწროვებს, ვიდრე „ტოტენჰემი”. ჩემს ყოფილ კლუბს რამდენიმე ვეტერანი ჰყავს, რომლებიც კარიერას ასრულებენ. ზოგადადაც, მე ეს გუნდი მჩატედ მეჩვენება. და სიმჩატე მაშინ ნახეთ, და თუ ჰარი კეინი ან სონი დაუშავდება”.

შემდეგ, გარი ლინეკერმა თავის კიდევ ერთ ყოფილ გუნდზე, „ევერტონზე” ილაპარაკა. მან თქვა, რომ კოლუმბიელი ხამეს როდრიგესის ვარსკვლავის ხელახლა ამობრწყინების იმედი აქვს. გუნდის მწვრთნელი კარლო ანჩელოტია, რომლის ხელმძღვანელობითაც ხამესმა „რეალში” ერთხელ უკვე გაიბრწყინა და იმედია, რომ მწვრთნელისა და ფეხბურთელის შეხვედრა ამჯერადაც შედეგს მოიტანს.

ბოლოს კი ამ გუნდებს დაამატეთ „ლესტერი” და „ვულვზი” და მიიღებთ იმ ცხრას, რომლებიც ინგლისის ნაკრებში 80-ჯერ ნათამაშევი ექსპერტის აზრით დანარჩენ ჯგუფს მოწყდება.

ფაბიო სილვა

„ნუნუ ესპოზიტო სანტოს „ვულვზი” გასულ სეზონში ძალიან თანმიმდევრული იყო და გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ მართალია ევროტურნირზე ვერ მოხვდა, მაგრამ გასაძლიერებლად ფული მაინც არ დაინანა — 18 წლის ფაბიო სილვაში 35 მილიონი გირვანქა გადაიხადა”.

თუმცა, ლინეკერის ნაწინასწარმეტყველევ ცხრა გუნდს შეიძლება „ბარნლიმ” შეუქმნას დისკომფორტი. აქ მთავარი ფიგურა მწვრთნელი შონ დიჩია, რომელმაც ყოველთვის იცის, რას აკეთებს.

რაც შეეხება გასავარდნებს, მათ შორის, ექსპერტის აზრით დარჩენის ყველაზე კარგი შანსი ახალგადმოსულ „ლიდს იუნაიტედს” აქვს.

„16-წლიანი პაუზის შემდეგ ამ გუნდის პრემიერლიგაში ნახვა დიდი სიამოვნებაა და მე მოხიბლული ვარ იმ სამუშაოთი, რომელიც მარსელო ბიელსამ გასწია. ამ არგენტინელ კაცში „გიჟი გენიოსი” იგრძნობა. ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ლიდსელთა პირველ თამაშს „ენფილდზე”, „ლივერპულის” წინააღმდეგ და ერთადერთი, რაზეც გული მწყდება არის ის, რომ ტრიბუნებზე მაყურებელი არ იქნება “, — დასძინა ლინეკერმა.