ბელარუსმა ფეხბურთელებმა გაავრცელეს ვიდეომიმართვა, რომელშიც გმობენ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობას და თანაუგრძნობენ გარდაცვლილთა ოჯახებს.
სულ მიმართვაში 93-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის უმაღლესი და პირველი ლიგის მოთამაშეები, ეროვნული ნაკრების წევრები და ლეგიონერები არიან. ვიდეომიმართვის ბოლოს გაკეთებულ ჩამონათვალში ფიგურირებენ ბელარუსის ნაკრების წევრები ალექსანდრ საჩივკო, სტანისლავ დრაგუნი, ანტონ ჩიჩკანი და პაველ ნეხაიჩიკი.
უცხო ქვეყნის შიდაპოლიტიკური სამზარეულოს გარჩევა ნამდვილად არაა ჩვენი პროფილი, მაგრამ კარსმომდგარი უმნიშვნელოვანესი სანაკრებო თამაშის წინ ეს ყურადსაღები ინფორმაციაა. ალექსანდრ ლუკაშენკოს ფსიქოტიპიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ამ ვიდეომიმართვას რეაგირება არ მოჰყვეს და ეს სულაც არ შეუწყობს ხელს ბელარუსის ნაკრებში კლიმატის გაჯანსაღებას. ვნახოთ.